თეა წულუკიანი - პენიტენციური სისტემის მიზანი არ იქნება მხოლოდ პატიმრებზე ზრუნვა, არამედ პირველ რიგში თანამშრომლებზე ზრუნვა
თეა წულუკიანი - პენიტენციური სისტემის მიზანი არ იქნება მხოლოდ პატიმრებზე ზრუნვა, არამედ პირველ რიგში თანამშრომლებზე ზრუნვა

პენიტენციური სისტემა არ არის შექმნილი მხოლოდ იმისთვის, რომ პატიმრის უფლება იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მინისტრმა გამოსვლაში პენიტენციურ სისტემაზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, 10-წლიანი პაუზის შემდეგ შარშან პენიტენციური სისტემა დაუბრუნდა იუსტიციის უწყებას, ასევე გადაიდგა არაერთი ნაბიჯი თანამშრომლებისთვის.

„მინდა, საზოგადოებასაც კარგად ესმოდეს, რომ პენიტენციური სისტემა არ არის შექმნილი მხოლოდ იმისთვის, რომ პატიმრის უფლება იყოს დაცული. პენიტენციურ სისტემაში მუშაობს 5 ათასამდე ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც უმძიმეს პირობებში და ხშირად საფრთხის ქვეშ მუშაობენ. ამიტომ პირველ რიგში, ამ მაღალი ტრიბუნიდან მათ მივესალმები და ვეტყვი იმას, რომ მათზე ზრუნვა გაგრძელდება და ჩვენი სისტემის მიზანი არ იქნება მხოლოდ პატიმრებზე ზრუნვა, არამედ ასევე და პირველ რიგში, თანამშრომლებზე ზრუნვა.

პირველ რიგში შევძელით, რომ იქ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო, ესკორტის ანუ ყოფილი ბადრაგის სამსახური გაგვეძლიერებინა“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

მისი თქმით, გარკვეულ პოზიციებზე გაიზარდა ხელფასებიც.

„იყო პოზიციები, სადაც 600 ლარიდან 1200 ლარამდე გავზარდეთ ხელფასი, რადგან 600 ლარი, რომელიც შემდეგ იბეგრება, საკმაოდ მცირე თანხაა იმისთვის, ადამიანს მოსთხოვო პატიმარი უსაფრთხოდ გადაიყვანოს. იყო პოზიციები, სადაც ხელფასი უფრო მეტი იყო და ჩვენ ეს გავათანაბრეთ. საშუალოდ, შარშანდელი წლიდან დღემდე 270 ლარით გაიზარდა ესკორტის ოფიცრის ხელფასი. გვინდა, სხვა ძალოვან სტრუქტურებთან ერთად, ეს ტენდენცია გაგრძელდეს, რადგან ჩვენს ესკორტის ოფიცრებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს უფრო მეტი ხელფასი ეკუთვნით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანს ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში უსმენენ. დღესვე კომიტეტებზე უსმენენ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურის, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ ქეთევან ციხელაშვილს.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საკომიტეტო მოსმენებს არც დღეს ესწრებიან.