თეა წულუკიანი - პენიტენციურ დაწესებულებებში დღემდე არ არსებობს ვირუსის არათუ დადასტურებული, არამედ არც ერთი საეჭვო შემთხვევა
თეა წულუკიანი - პენიტენციურ დაწესებულებებში დღემდე არ არსებობს ვირუსის არათუ დადასტურებული, არამედ არც ერთი საეჭვო შემთხვევა

პენიტენციურ დაწესებულებებში, არც თანამშრომლებში და არც პატიმრებში, დღემდე არ არსებობს ვირუსის არათუ დადასტურებული, არამედ არც ერთი საეჭვო შემთხვევა, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„დღემდე არ არსებობს არც ერთი საეჭვო შემთხვევა, ვინაიდან ნებისმიერი დაცემინების, თუ დახველების პირობებშიც კი, ციხის პერიმეტრს იქით არ ვუშვებდით არც ერთ ადამიანს, იქნებოდა ეს სტუმარი, თუ თანამშრომელი და ამ ადამიანებს პატიმართან არ ჰქონდათ შეხების შესაძლებლობა. ახლა კი ის დროა, როცა ციხეში სტუმრიანობა საერთოდ აკრძალულია და ადვოკატებიც კი იმ შემთხვევაში დაიშვებიან, თუ ისინი პატიმართან შეხვედრისას მკაცრად იცავენ ჯანდაცვის რეკომენდაციებს. შეხვედრები ძირითადად, მაინც მინის ბარიერის მეშვეობით იმართება. მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან და ადვოკატებიც მხოლოდ მაშინ დაიშვებიან, თუ ამის პროცედურული საჭიროება არსებობს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, თანამშრომლების უმრავლესობა ციხეში ნებაყოფლობით არის ჩაკეტილი და შეძლებისდაგვარად, მათთვის შესაბამისი პირობებია შექმნილი.

„კიდევ ერთხელ მადლობა მათ, მთელ პენიტენციურ სამსახურს, მათ გენერალურ დირექტორს და ყველას, ვინც ეს შეძლო, რადგან ეს რეალურად, ქართული ნოუ-ჰაუა. ჯერ არ მსმენია სხვა ქვეყანა, რომელმაც თანამშრომლები პატიმრებთან ერთად ციხეში მოაქცია იმისთვის, რომ საპატიმროში კორონავირუსი არ შევიდეს. ჩვენ სხვა ღონისძიებებსაც ვგეგმავთ იმისთვის, რომ პაემნების უქონლობის კომპენსირება მოხდეს. მით უმეტეს, სააღდგომო თვე მოდის და ამ დროს პატიმრები მიჩვეული არიან ამანათების მიღებას, რაც აკრძალულია. კიდევ ბევრი სხვა სიახლე და კრეატიული ღონისძიება იქნება იმისთვის, რომ პატიმრებმა და ახლა უკვე, თანამშრომლებმაც გაძლონ იმ კვირების მანძილზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლისთვის სჭირდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.