თეა წულუკიანი - პატიმრები კარგად, ჯანმრთელად არიან და ამ მხრივ, ამ ეტაპზე სანერვიულო არაფერია
თეა წულუკიანი - პატიმრები კარგად, ჯანმრთელად არიან და ამ მხრივ, ამ ეტაპზე სანერვიულო არაფერია

პატიმრები კარგად, ჯანმრთელად არიან და ამ მხრივ, ამ ეტაპზე სანერვიულო არაფერია, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

„პატიმრები თავად ურეკავენ ოჯახის წევრებს. ოჯახებთან სასაუბროდ მათ უკვე აქვთ 30 უფასო წუთი და ოჯახის წევრებს საკუთარ სიახლეებს ატყობინებენ. ამ მხრივ, ამ ეტაპზე სანერვიულო არაფერი არ არის. თუმცა, ეს არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის, მისი გენდირექტორის, მთელი გუნდის და თითოეული იმ თანამშრომლის სადღეღამისო შრომის შედეგი, რასაც ისინი ეწევიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ზომები ტარდება ციხეებში იმისთვის, რომ იქ ინფექციამ არ შეაღწიოს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოს საპატიმროებში არ არის არა თუ დადასტურებული, არამედ არც ერთი საეჭვო შემთხვევა.

„შეგვიძლია, სიამაყით ვთქვათ, რომ საქართველოს საპატიმროებში არ არის არა თუ დადასტურებული, არამედ არც ერთი საეჭვო შემთხვევა, რომ რომელიმე პატიმარს, ან თანამშრომელს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რამე სახის სიმპტომი ჰქონდეს. იმედია, ასე გაგრძელდება, მაგრამ ასე რომ გაგრძელდეს, ამისთვის საჭიროა, ყველანი მობილიზებული ვიყოთ და უბრალოდ, გავუძლოთ. ეს არის ჩვენი, პრაქტიკულად, ვალდებულებად ქცეული რეალობა, რომ უნდა გავუძლოთ. სხვა გზა, უბრალოდ, არ არის“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია 800 თანამშრომელი და მათი ოჯახები. დიდ მადლობას ვეტყვი იმ თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც პატიმრებთან ერთად ჩაიკეტა და ცხოვრობს იმისთვის, რომ პატიმრებს ვირუსი გარედან არ შეუტანოს. როდესაც გყავს მამა, ან დედა, რომელიც სულაც არ არის კანონდამრღვევი, მაგრამ ციხეში ინსპექტორ-კონტროლიორად მუშაობს და ციხეში იძინებს-იღვიძებს, რათა პატიმარი არ დააზიანოს, მათ და მათი ოჯახის წევრებს ძალიან დიდი და განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით. ჩვენ გვესმის, რომ ეს ძნელია, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.