თეა წულუკიანი - პარლამენტში შეპორწიალდნენ, ახლა გამოპორწიალდებიან, ეს არის ცანცარა, ზედაპირული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი
თეა წულუკიანი - პარლამენტში შეპორწიალდნენ, ახლა გამოპორწიალდებიან, ეს არის ცანცარა, ზედაპირული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი

არის ასეთი ვერშემდგარი კულტურის მუშაკი თაკო ჩარკვიანი, რომელმაც დღეს თქვა, ასე მითხრეს და მგონი, ასე იქნება, თავად ჯერ ვერ მოვისმინე, რომ ჩვენ რა გვინდოდა ამ პარლამენტში, შევპორწიალდითო. ეს არის მისი ციტატა, ხოდა შეპორწიალდნენ, ახლა გამოპორწიალდებიან, – ასე შეაფასა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თაკო ჩარკვიანის გუშინდელი განცხადება.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ჩარკვიანი ამბობს, რომ მისთვის დეპუტატის მანდატი იმ დღიდან არ არსებობს, როდესაც გაყალბებულ პარლამენტში შეპროწიალდნენ.

თეა წულუკიანის თქმით, ეს არის ცანცარა, ზედაპირული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი.

„აბა, რა შეიძლება, ამ არასერიოზულობას უპასუხო. ეს არის არა პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ამას აკეთებს, არამედ არის რაღაც ცანცარა, ზედაპირული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და იმ უმნიშვნელოვანესი ორგანოსადმი, რომელიც არის პარლამენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში. ამიტომაც ამაზე სერიოზული კომენტარი ძალიან მიჭირს. ყველა იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც აგებს პასუხს მომავალი თაობების წინაშე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.