თეა წულუკიანი - ოთარ კახიძის დროს იუსტიციის სამინისტრო ასოცირდებოდა შიშთან, ტერორთან, დღეს კი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამინისტრო
თეა წულუკიანი - ოთარ კახიძის დროს იუსტიციის სამინისტრო ასოცირდებოდა შიშთან, ტერორთან, დღეს კი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამინისტრო

თქვენს დროს იუსტიციის სამინისტრო ასოცირდებოდა შიშთან, ტერორთან, ძალით მოყვანილ ბიზნესმენებთან, რომ ეშენებინათ იუსტიციის სახლები, – ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს.

თეა წულუკიანის თქმით, მინისტრის საათი განკუთვნილია, რომ დეპუტატებმა მოისმინონ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რაზეც მან 45 წუთის განმავლობაში ისაუბრა.

„ვაჩვენე, რა გაკეთდა, რას ვაკეთებთ და მომავლის პერსპექტივა. ვისაუბრე პოზიტივზე. იუსტიციის სამინისტროს, როგორც ყველა უწყებას, წარსულში, მომავალში და აწმყოში შეიძლება, ჰქონდეს ხარვეზები, შეიძლება, ჰქონდეს შეცდომები, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამინისტრო. რა თქმა უნდა, ეს თქვენ არ მოგწონთ, ოპოზიციას ვგულისხმობ. თქვენს დროს, ბატონო ოთარ, რომელიც დარბაზში აღარ ბრძანდებით, იქნებ, შემობრძანდეთ, რომ დაგინახოთ რა რეაქციები გაქვთ ჩემს გამოსვლაზე, თქვენს დროს იუსტიციის სამინისტრო ასოცირდებოდა შიშთან, ტერორთან, ძალით მოყვანილ ბიზნესმენებთან, რომ ეშენებინათ იუსტიციის სახლები. რა თქმა უნდა, თქვენ არ მოგეწონებათ, რომ ტენდერით და გამჭვირვალედ, ამ ხელისუფლების იუსტიციის მინისტრი მომავალ მინისტრს დაუტოვებს 70 საზოგადოებრივ ცენტრს, ხუთ რეგიონულ არქივს და 20-მდე ახალ იუსტიციის სახლს და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ინფრასტრუქტურას, რეფორმებს და მართლმსაჯულების სამ ტალღას, რომელიც ზოგიერთ ოპოზიციონერს არც წაუკითხავს, ისე საუბრობს, შინაარსსაც ვერ მოგიყვებიან, რომ ჰკითხო, რომელ ტალღაში რა ეწერაო. რა თქმა უნდა, ეს თქვენ არ გიხარიათ. რა თქმა უნდა, ბატონი ოთარისა და გიგას დროს იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის პოლიტიკა ის იყო, რომ 0,01 პროცენტი იყო გამამართლებელი განაჩენების რიცხვი. ნიჩბით ყრიდნენ ხალხს ციხეში, მათ შორის ბავშვებს. სწორად იყო აქ შეხსენებული, ბავშვთა სისხლის სამართლის სრულწლოვანება დაწიეს და მურაბის ქურდ ბავშვებს წლობით ყრიდნენ ციხეში. ეს არ არის ჩემი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.