თეა წულუკიანი - ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ დაეთანხმოს 100/50-ის მოდელს ან არსებული მოდელის ფარგლებში არჩევნებისთვის მოემზადოს
თეა წულუკიანი - ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ დაეთანხმოს 100/50-ის მოდელს ან არსებული მოდელის ფარგლებში არჩევნებისთვის მოემზადოს

ოპოზიციას რეალურად, აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ დაეთანხმონ 100/50-ის მოდელს ან არსებული მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის ძალიან აქტიური მზადება, როგორიც ჩვენ უნდა დავიწყოთ, რადგან რვა თვეში, ცოტა მეტში, არჩევნების დღეც დადგება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუკი ჩვენი მომლაპარაკებელთა ფორმატის შემქმნელი მეგობრები და პარტნიორები მოიწვევენ მორიგ შეხვედრას, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ვინც ვიყავით ჩართულნი, გამოვცხადდებით დათქმულ ადგილას, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ იმ შეხვედრაზე, თუკი ასეთი შეხვედრა იქნება, მოიტანს პასუხს, რომ ან კი, ან არა, ეთანხმებიან 100/50-ის მოდელს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა.

დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.