თეა წულუკიანი - რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას თავი ტყვეობაში ააყვანინეს, ახლა ჩიხიდან სხვა გამოსავალი სჭირდებათ და ამბობენ, თუ შეიძლება, ბიძიებო, დეიდებო, თვითმმართველობის არჩევნები მაინც ვაქციოთ პლებისციტადო
თეა წულუკიანი - რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას თავი ტყვეობაში ააყვანინეს, ახლა ჩიხიდან სხვა გამოსავალი სჭირდებათ და ამბობენ, თუ შეიძლება, ბიძიებო, დეიდებო, თვითმმართველობის არჩევნები მაინც ვაქციოთ პლებისციტადო

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისა და მომავალი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს შორის პოლიტიკურ კავშირს ვერ ხედავს.

წულუკიანის თქმით, ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა, პარტიების რეიტინგი შეიცვალოს.

ამიტომ, თეა წულუკიანის შეფასებით, პოლიტიკურად აბსურდი, სამართლებრივად კი ნონსენსია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აქციონ ერთი წლით ადრე შემდგარი ეროვნული დონის არჩევნების რევიზიის საფუძვლად.

„ჩემთვის ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის, როდესაც ჩვენ გვაქვს რომელიღაც ერთ წელიწადს ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ ერთი წლის თავზე გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რა თქმა უნდა, ზოგ პარტიას შეიძლება დააკლდეს ხმები, ზოგს მკვეთრად მოემატოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოლიტიკურ ფორმაში იქნება მოცემული პარტია. მაგალითად, ჩვენგან უკვე წავიდა ჩვენი ლიდერი, თქვენ ამბობდით, ამან ხომ არ შეიძლება იქონიოს გარკვეული ასახვა „ქართული ოცნების“ რეიტინგზე კლებისკენ, ეს თუ ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებმა რეალური შედეგი არ ასახა? ვფიქრობ – არა. შეიძლება მიმდინარე წელს „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ ან ცენტრალურ დონეზე ისეთი საოცარი შეცდომები დაუშვას, რომ ამან გამოიწვიოს მისი რეიტინგის და მხარდაჭერის ვარდნა, ან მეორე მხარემ პოზიტიური კუთხით იმგვარი საოცარი ქმედებები განახორციელოს, რომ მართლაც უფრო მეტი ნდობა მოიპოვონ, ვიდრე ამ არჩევნებზე. ამიტომ გამოვიყენე სიტყვა აბსურდი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვაქციოთ ერთი წლით ადრე შემდგარი ეროვნული დონის არჩევნების რევიზიის საფუძვლად, სამართლებრივად ხომ ნონსენსია, მაგრამ პოლიტიკურად უბრალოდ აბსურდი მგონია.

მათი მხრიდან ამის დაყენება ჩემთვის უფრო მაშველი რგოლის ძიების პროცესია, რადგან ძალიან კარგად მესმის, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ თავისი თავი შეიყვანა იმ ჩიხში, სადაც ისინი არიან, რაკი ვერ იღებენ იმ რიგგარეშე არჩევნებს (რადგან ამის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს), რომელიც დააყენეს და საკუთარი თავი ტყვეობაში ააყვანინეს ამ მოთხოვნას, ახლა სჭირდებათ ჩიხიდან რაღაცა სხვა გამოსავალი, ამიტომ ამბობენ, რომ, მოდი, თუ შეიძლება, ბიძიებო, დეიდებო, თვითმმართველობის არჩევნები მაინც ვაქციოთ პლებისციტად, ეს პოლიტიკური აბსურდია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.