თეა წულუკიანი - ნინო გვენეტაძეს, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ყოველთვის ჰქონდა ინსტიტუციური, ადამიანური და მორალური მხარდაჭერა
თეა წულუკიანი - ნინო გვენეტაძეს, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ყოველთვის ჰქონდა ინსტიტუციური, ადამიანური და მორალური მხარდაჭერა

ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველთვის ჰქონდა, როგორც ინსტიტუციური, ასევე ადამიანური და მორალური მხარდაჭერა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ, როცა შეძლებს, ნინო გვენეტაძე ამას დაადასტურებს.

„ეს არის რეალობა. როდესაც ნინო გვენეტაძეს ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემს და დადგება კამერების წინაშე, იმედი მაქვს, ამას დაადასტურებს. ის დღეს არის გადამდგარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი. ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცნობ საქმეში და ვფიქრობ, მიუხედავად ყველაფრისა და პოზიციაზე მოკლევადიანი ყოფნისა, ბევრი რამ შეძლო“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნული თავისი შეფასებაა, ახლა კი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებას ელოდება, რომლის კანდიდატურაც იყო ნინო გვენეტაძე.

„ადვილია ფართო კონსულტაციები აწარმოო, ადვილია შეხვდე ყველას, ხელი ჩამოართვა და გვითხრა, ეს არის საუკეთესო კანდიდატიო, მაგრამ ასევე ადვილი უნდა იყოს, როდესაც ეს ადამიანი გადადგება, მისი საქმიანობა და შენივე გადაწყვეტილება შეაფასო. პირველ რიგში ამას ველოდები და შემდეგ შეგვიძლია მომავალზე ვისაუბროთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო, რომლის ფარგლებში აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პრეზიდენტის მრჩევლების შეხვედრა უკვე გაიმართა.

დატოვე კომენტარი