თეა წულუკიანი - „ნაცმოძრაობამ“ და სააკაშვილებმა რესურსი ამოწურეს, ამიტომ ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ, დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერი, ყველანი ვართ ვითომ პუტინის აგენტები
თეა წულუკიანი - „ნაცმოძრაობამ“ და სააკაშვილებმა რესურსი ამოწურეს, ამიტომ ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ, დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერი, ყველანი ვართ ვითომ პუტინის აგენტები

ჩვენ გვახსოვს 2012 წელს მსგავსი „კვლევები“ და „ანგარიშები“, სადაც ეწერა, რომ „ქართული ოცნება“ არის პუტინის აგენტი, რომ ბიძინა ივანიშვილი, იმისთვის, რომ პუტინის დავალებით მოვიდეს ხელისუფლებაში, არიგებს მაცივრებს და ტელევიზორებს, – ამის შესახებ  ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა მედიის კითხვაზე, რომელიც  აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხებოდა.

მისი თქმით, ამავე კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანი სხვა მიგნებებია.

„ეს კვლევა თქვენ რომ ნახეთ, სააკაშვილს უკვე ნანახი და „ფეისბუქზე“ დადებული ჰქონდა, უკრაინელი პოლიტიკოსია ასეთი, აღმასკომის თავმჯდომარეა რეფორმების დარგში. ჩვენ, „ქართული ოცნება“ დიდი ხანია, ჩართული ვართ პოლიტიკურ პროცესში. 2010-2011 წლები მახსენდება და დეჟავუ მაქვს. ჩვენ გვახსოვს 2012 წელს მსგავსი „კვლევები“ და „ანგარიშები“, სადაც ეწერა, რომ „ქართული ოცნება“ არის პუტინის აგენტი, რომ ბიძინა ივანიშვილი, იმისთვის, რომ პუტინის დავალებით მოვიდეს ხელისუფლებაში, არიგებს მაცივრებს და ტელევიზორებს.

იყო ასეთი პოლიტიკოსი ევროპაში, ვინმე მარტენსი, რომელიც ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ ქართველებს პუტინის დავალებით ურიგებს მაცივრებსა და ტელევიზორებს. მე პირადად ეს გამახსენდა, როდესაც სააკაშვილმა ეს „კვლევა“ გამოაქვეყნა. ამავე კვლევაში, თუ კი უბრჭყალებო კვლევას დავარქმევთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა „მიგნებები“ და წერია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, სამხედრო თანამშრომლობა არის ორ ქვეყანას შორის უმაღლეს ნიშნულზე. შესაბამისად, ეს შეუსაბამობები, რა თქმა უნდა, იწვევს ირონიას, ამიტომ ვსაუბრობ ირონიულად. ასევე მახსენდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ვახლდი მივლინებაში სტრასბურგში, ის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი იყო და ჰკითხეს ამგვარმა ანგარიშის ავტორებმა, ოღონდ ევროპელებმა, რატომ წაართვი „იმედი“ თავის მესაკუთრესო. როდესაც ჩვენ გაგვეღიმა და ვუთხარით, რომ „იმედი“ კი არ წავართვით მესაკუთრეს, არამედ ჩამოვართვით იმას, ვისაც მიტაცებული ჰქონდა და დაუბრუნდა კანონიერ მესაკუთრეს, რაც „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, ბევრი წლის მერე, უკვე სტრასბურგის სასამართლოს ძალით ხელისუფლებამ მოახერხა, რომ „რუსთავი 2“ დღეს ეკუთვნის მას, ვისაც წაართვეს წინა ხელისუფლების დროს, ევროპელებში გარკვეული დაბნეულობა იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის შიგნით რესურსი პრაქტიკულად ამოწურა და მარცხისთვის არის განწირული, ამიტომ ცდილობს, 2012 წლის ივნისის რიტორიკას დაუბრუნდეს.

„ჩემთვის დასკვნა არის მარტივი – „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ, ქვეყნის შიგნით რესურსი პრაქტიკულად ამოწურეს, ისინი არიან განწირული მარცხისთვის. ამიტომ ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ, დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერი, ჩვენ ყველანი ვართ ვითომ, პუტინის აგენტები, ადრე ვარიგებდით ტელევიზორებს და მაცივრებს, რომ გაგვეუბედურებინა ქართველი ხალხი, ახლა კი, ვცდილობთ ხელისუფლებაში დარჩენას, ვითომ პუტინის დავალებით. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო და არასერიოზული“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს  სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი.

„ბიძინა ივანიშვილი არის, ამას უკვე სერიოზულობით ვამბობს, ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც არის ჯერჯერობით ამ ქვეყანაში, ერთადერთი, ვინც არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, თუ ოპოზიციისთვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მე მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი