თეა წულუკიანი - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ დამქაშებს მივმართავ, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან სწორედ იმიტომ გაგიშვათ, რომ ფარულად იწერდით ბავშვებს, ამ ბავშვებს შორის აღმოჩნდა ბერა ივანიშვილიც
თეა წულუკიანი - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ დამქაშებს მივმართავ, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან სწორედ იმიტომ გაგიშვათ, რომ ფარულად იწერდით ბავშვებს, ამ ბავშვებს შორის აღმოჩნდა ბერა ივანიშვილიც

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დღესაც იმიტომ ვერ ბრუნდება, რომ როგორც მაშინ იყვნენ ვანოზე და ქარდავაზე, ისე დგანან დღეს და ამისგან თუ არ გათავისუფლდნენ, მათ პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, –  ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბავშვებსა და მოზარდებს იყენებდა მათი მშობლების წინააღმდეგ.

„ნაციონალურ მოძრაობას“, მათ დამქაშებს, დაჯგუფებებსა და განყოფილებებს მივმართავ, რომელთაც დღეს პოლიტიკური პარტია ჰქვიათ და ზოგიერთი ჟურნალისტი ხართ მათი პარტიული ტელევიზიები. თქვენ ქართველმა ხალხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს ხელისუფლებიდან სწორედ იმიტომ გაგიშვათ, რომ თქვენ ფარულად იწერდით ბავშვებს, ამ ბავშვებს შორის აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი იყო ბერა ივანიშვილი. რატომ აკეთებდით, ამას? იმიტომ, რომ ბავშვები და მოზარდები გამოგეყენებინათ მათი მშობლების წინააღმდეგ. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა იდგა ვანოზე. იმ ვანოზე, რომლისაც დღეს გრცხვენიათ, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნისას ხდება ამ უკანონო ჩანაწერების უსირცხვილო დამონტაჟება და ჩემთვის ყველაზე დიდ „ჟურნალისტს“ ნიკა გვარამიას პირდაპირ ეთერში წამოსცდა, მელაძემ რა კარგი ჩანაწერი გააკეთაო. ეს არის გაკეთებული ფაბრიკაცია უკანონო ჩანაწერების. ამიტომ, მე რომ ვიყო პროკურორი, გამოვიძიებდი ვინ გააკეთა ეს უკანონო ჩანაწერი, ვინ გაიტანა და სად გაიტანა, ასევე როგორ, ვინ დაამონტაჟა და რა მიზნით“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, გავრცელებული ჩანაწერების მიზანი ნათელია.

„ჩემთვის მიზანი ნათელია, თუმცა გამომძიებელი არ ვარ. მიზანია ის, რომ ჩანაწერების რაღაც ფაბრიკაციით, უკანონოდ თქვან, რომ ღარიბაშვილთან სალაპარაკოდ არ დავჯდები. ეს არის ერთადერთი მიზანი. სინდისთან მწყრალი განცხადებები იყო თქვენი ეთერიდან, „მთავარსა“ და „ტვ პირველს“ ვგულისხმობ, უსინდისო განცხადებები ისმოდა, მაგალითად ისეთი, რომ გინდათ, საზოგადოებას დააჯეროთ, ვითომ, დღეს ოჯახს მოკიდებული, უკვე დიდი კაცი ბერა ივანიშვილი ელაპარაკება პრემიერს და ეს არის მათი დღევანდელი საუბარი, სირცხვილია. ე.ი. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოდის ხელისუფლებაში სწორედ ამიტომ და მათ კარგად უნდა გაიგონ, რომ დღესაც დგანან ვანოსა და მეგის ქარდავას საქმიანობაზე, აქვთ რაღაც უკანონო ჩანაწერები, ჭრიან, კერავენ და ცდილობენ, მიაღწიონ მთავარ მიზანს, რომ ქვეყანაში შეიქმნას არეულობა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

დეპუტატი საზოგადოებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ ყველა მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყოს.

„მინდა, როგორც ერთმა დეპუტატმა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ალბათ, მათთვის საკმარისი აღარ არის პარტიებს შორის დაპირისპირება და ყველაფერს აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ქუჩაში მყოფი დამქაშები, რომ საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირების რაღაც მიზეზები გააჩინონ. ყველანი უნდა ვიყოთ, მაქსიმალურად თავშეკავებულები, რადგან ეს არის აღვირახსნილი ძალა, რომელსაც გაუხარდება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირება. თუ თქვენ ჩანაწერების ფაბრიკაციას მოუსმენთ, ნახავთ, რომ ამ საუბრიდან ნათელზე ნათელია, რომ ღარიბაშვილი არ არის თანამდებობის პირი. ორჯერ ორი ოთხია. კიდევ ვიმეორებ, მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი და რა მიზნით. მე ჩემი ეჭვი მაქვს. როგორც ყველა ბავშვს, ვინც იყო ოპოზიციაში მყოფი მშობლის შვილი წერდნენ და შემდეგ ოჯახს ატერორებდნენ. ეს იყო მიზანი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მასშტაბის ადამიანი, ვისაც „ნაციონალები“ დაატერორებდნენ და ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ჩვენ ეს ბოროტება დავამარცხეთ. ეს ბოროტება დღესაც გრძელდება და საბოლოო წერტილი რომ დაესვას, ეს საკითხებია გამოსაძიებელი. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დღესაც იმიტომ ვერ ბრუნდება, რომ როგორც მაშინ იყვნენ ვანოზე და ქარდავაზე, ისე დგანან დღეს და ამისგან თუ არ გათავისუფლდნენ, მათ პოლიტიკური მომავალი არ აქვთ. პროკურორი რომ ვიყო, გამოვიძიებდი სწორედ იმას, ვინ ჩაიწერა არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით, როგორ მოხდა ეს ჩანაწერი რომელიღაც პარტიულ ტელევიზიაში. რა მიზნით დამონტაჟდა ასე უსინდისოდ და რა მიზანს ისახავდა. თუ გამოძიება დაიწყო, თქვენგან მესმის, დაველოდოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.