თეა წულუკიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადოს, მაგრამ ეს მცდელობა კრახით დასრულდება ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში
თეა წულუკიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადოს, მაგრამ ეს მცდელობა კრახით დასრულდება ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში

„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადოს, მაგრამ ეს მცდელობა კრახით დასრულდება ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში დასრულდა, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ამ ადამიანს ფაქტებზე დაყრდნობით მისჯილი აქვს სასჯელი და რა თქმა უნდა, მან ის უნდა მოიხადოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დასავლელმა პარტნიორებმა მოიწონეს და აღიარეს მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა.

„რა თქმა უნდა, ის, რაც გაკეთდა, საკმარისი არ არის და რეფორმა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ვისგან, ვისგან და კრიტიკას ნამდვილად ვერ მივიღებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან, რომლებიც დასხდებიან თუ დადგებიან და ხან რუსთაველის გამზირიდან, ხან კი საიდან შებღავიან მსოფლიოს, რომ თურმე, საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიზებულია“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ოპონენტთა განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და, რომ ამ სტატუსს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზება განსაზღვრავს.

მისი თქმით, მუდმივად იმის ძახილი, რომ ცუდია სასამართლო, ცუდია პოლიცია, სუს-ი არ ვარგა და ასე შემდეგ, საბოტაჟს ემსახურება.

„ეს ემსახურება წინარევოლუციური პროცესის მომზადებას, რომელიც ამას წინათ ჩაფლავდა, პირველ ოქტომბერს, როდესაც სააკაშვილი პოლიციის მიერ იქნა დაკავებული. ამიტომ იყო, რომ მანამდე შტურმი ხორციელდებოდა სასამართლოზე, იმის წინ ცესკო-ზე და სულ რამდენიმე კვირის წინ სუს-ზე, რათა შემდეგ, ჩვენ ქუჩებში დესტაბილიზაცია და სისხლისღვრა მომზადებულიყო. რა თქმა უნდა, იმედი ჰქონდათ, რომ მერე, მღვრიე წყალში ისევ თვითონ დაიჭერდნენ თევზს “, – განაცხადა წულუკიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიმართულებით რამე მექანიზმის ამოქმედებას, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ამას სრულად გამორიცხავს.

„ჩვენ გამოვრიცხავთ სააკაშვილის გათავისუფლებას რამე სამართლებრივი მექანიზმით. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ჩვენი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში არ არის, გახლავთ შეწყალება, შეწყალებასთან დაკავშირებით კი საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გააკეთა შეფასება და მისი პოზიციაც ცალსახაა, რომ ის ამას არ აპირებს. მე დიდი იმედი მაქვს, ის ამ პოზიციას არასოდეს არ შეიცვლის, არავითარი ზეწოლის ქვეშ და ჩვენ მივიღებთ იმ სასჯელის აღსრულებას, რომელსაც ითხოვენ დაზარალებულები და, რომელსაც ითხოვს კანონი“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, სასჯელი ყველამ უნდა მოიხადოს, იმის მიუხედავად, ის ყოფილი პრეზიდენტია, ტყის მცველი თუ სხვა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ტურბულენტური მოცემულობაა და მას აქვს იმედი და სურვილი, რომ პენიტენციური დაწესებულება, რაც შეიძლება, მალე დატოვოს, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილები არ კმარა.

„რეალობა არის მისთვის საკმაოდ მწარე და მას მოუწევს, პატიმრობას შეეგუოს. იმიტომ, რომ მას სასჯელი აქვს გამოტანილი საქართველოს რეფორმირებული სასამართლოს მიერ და ასევე, ეს არის უმნიშვნელოვანესი დაზარალებულთა უფლებებისთვის, რომლებიც ოპოზიციას ძალიან ხშირად ავიწყდება. ცალკე აღებული, სასამართლო, კანონი და სასჯელი არაფერს ნიშნავს. ეს ყველაფერი არსებობს დაზარალებულის უფლებების დაცვის მიზნით და არა რაღაც აბსტრაგირებული რეალობებისთვის. მთავარი არის ის, ვისაც დაუშავდა. ვისაც დაუშავდა, იმას სამართლებრივ ენაზე დაზარალებული ჰქვია და მისი უფლებაა, დამნაშავე იყოს დასჯილი და მან სასჯელი მოიხადოს. აი, ეს ელემენტარული სასამართლო და სამართლებრივი პროცედურებია სახეზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.