თეა წულუკიანი - მთავარია, მომავალი ომბუდსმენი იყოს ყველას უფლებების დამცველი, არ იცავდეს მხოლოდ მათ, ვინც ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ოპოზიციაშია, ეს ნამდვილად იყო ამჟამინდელი ომბუდსმენის ხარვეზი
თეა წულუკიანი - მთავარია, მომავალი ომბუდსმენი იყოს ყველას უფლებების დამცველი, არ იცავდეს მხოლოდ მათ, ვინც ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ოპოზიციაშია, ეს ნამდვილად იყო ამჟამინდელი ომბუდსმენის ხარვეზი

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის კანდიდატების შეფასებისგან ამ დროისთვის თავს იკავებს და აცხადებს, რომ უმჯობესია, ყველა კანდიდატი დასახელდეს.

წულუკიანის თქმით, მთავარია, მომავალი ომბუდსმენი იყოს ნამდვილად ყველა ადამიანის უფლებების დამცველი, იქნება ეს საპატიმროში, თუ საპატიმროს მიღმა და არ ასხვავებდეს ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით, არ იცავდეს მხოლოდ მათ, ვინც არის ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ოპოზიციაში.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ეს ნამდვილად იყო ამჟამინდელი ომბუდსმენის ხარვეზი.

„ჯერ ალბათ სჯობს, ყველა კანდიდატი დასახელდეს. თუ დღეს მე შეფასებებისგან თავს შევიკავებ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ არ მაქვს ჩემი შეფასება რომელიმე ამ კანდიდატზე, მით უმეტეს, რომ არაერთ მათგანთან ჩემს ყოფილ თანამდებობაზე, იუსტიციის მინისტრის რანგში, საკმაოდ ახლო შეხება მქონია პროფესიული და თანამშრომლობითი. ალბათ შეფასებების დროც დადგება, ჯერ დაველოდოთ კანდიდატების დასახელებას.

ის, რომ ერთი ორგანიზაცია რამდენიმე კანდიდატს ასახელებს, ალბათ მისასალმებელია, მაგრამ მთავარია, მომავალი ომბუდსმენი იყოს ნამდვილად ყველა პატიმრის უფლებების დამცველი, ნამდვილად ყველა ადამიანის დამცველი, იქნება ეს საპატიმროში, თუ საპატიმროს მიღმა და არ ასხვავებდეს ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით, არ იცავდეს მხოლოდ მათ, ვინც არის ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ოპოზიცაში. ეს ნამდვილად იყო ამჟამინდელი ომბუდსმენის ხარვეზი, რაც ყველა შემთხვევაში გამოსასწორებელი იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველად დღეს ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები დაასახელეს.