თეა წულუკიანი - მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს
თეა წულუკიანი - მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს

მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომლითაც შეწყალების შესახებ კონკრეტული საკითხები ზუსტდება.

„ამჟამად პარლამენტში პირველი მოსმენით იხილება კანონპროექტი. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მცირე ცვლილება შედის, რომლითაც დაზუსტდება, რომ ესა თუ ის პირი შეწყალებული შეიძლება იყოს იმ წესით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი თავისი აქტით განსაზღვრავს. როდესაც კანონში ეს ცვლილება ძალაში შევა, რა თქმა უნდა, კანონქვემდებარე და სხვა აქტების ტექსტებზე მუშაობა გაგრძელდება საქართველოს პრეზიდენტის აპარატთან ერთად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს შეწყალება მსჯავრდებულების, რომლებიც თავიანთი ქცევით იმსახურებენ ამას და იქ, სადაც ვხედავთ, რომ სასჯელმა თავისი ფუნქცია შეასრულა. ეს იყო, არის და მომავალშიც იქნება იუსტიციის სამინისტროს პოზიცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სასჯელი თვითმიზანი არ არის.

„სასჯელს ერთადერთი მიზანი აქვს, პირს თავისი შეცდომის გააზრების საშუალება და მსჯავრდებულს ახალი პერსპექტივა მისცეს, რომელიც კანონთან კონფლიქტში ყოფნის პოზიცია აღარ იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.