თეა წულუკიანი - მოქალაქეობის მინიჭებაზე სააგენტოს დადებითი დასკვნებიდან პრეზიდენტმა რამდენიმე ასეული არ დააკმაყოფილა
თეა წულუკიანი - მოქალაქეობის მინიჭებაზე სააგენტოს დადებითი დასკვნებიდან პრეზიდენტმა რამდენიმე ასეული არ დააკმაყოფილა

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დაწერილი, შედგენილი დადებითი დასკვნებიდან პრეზიდენტმა რამდენიმე ასეულის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს არ ევალება დაასაბუთოს უარი.

„ჩვენი დადებითი დასკვნები საქართველოს პრეზიდენტმა არ გაიზიარა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათასეულიდან რამდენიმე ასეული შემთხვევა ვინმეს მოეჩვენოს, რომ არ არის ბევრი, დამერწმუნეთ, ობიექტური უკმაყოფილების საგანი გახდა შესაბამისი პირისგან. ასეთ პირებს, რა თქმა უნდა, უარის მიუხედავად აქვთ უფლება, რომ ექვსი თვის შემდეგ თავიდან მიმართონ სახელმწიფოს”, – აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტრო  2018 წლის 15 იანვრიდან ვეღარ იხილავს მოქალაქოების შესახებ განაცხადებს, რადგან კომისიაში სამინისტროს ერთი წევრი დარჩა, უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს ჰყავს.

„შემიძლია მხოლოდ როგორც დამკვირვებელმა მოგახსენოთ კომისიის მუშაობაზე, მაგრამ ის პასუხისმგებლობები, რასაც კანონი გვავალებს, ჩვენ მიერ ვეღარ სრულდება. რადგან ჩვენი ერთი წევრი კომისიაზე გავლენას ვერ მოახდენს”, – აღნიშნა მინისტრმა.