თეა წულუკიანი - მოქალაქეები იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და დროებით სანოტარო ბიუროში მისვლას წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში შეძლებენ
თეა წულუკიანი - მოქალაქეები იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და დროებით სანოტარო ბიუროში მისვლას წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში შეძლებენ

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება, ოღონდ ახალი პრინციპით ვიმუშავებთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ახალი პრინციპი არის შემდეგი – იმისთვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეთ იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში, საჭირო იქნება, რომ მოქალაქის პორტალის – mygov.ge-ს მეშვეობით ვიზიტი დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველ დღეს და დროს.

mygov.ge-ის გვერდის ავლით შენობაში ვერც ერთი მოქალაქე ვერ მოხვდება. ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს ამ წუთიდან. შესაბამისად, თქვენ უკვე დღეიდან, შეგიძლიათ დაჯავშნოთ, ხვალ დილიდან თქვენთვის სასურველ დღეს და დროს ვიზიტი“,- განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ეს ეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოების ცენტრებში მისაღებ ყველა იმ სერვისს, რომელსაც მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელებამდე იღებდნენ.

ამასთან, თეა წულუკიანის ინფორმაციით, ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინება.

„ეს სერვისი გულისხმობს გარკვეული ოდენობის ადამიანების ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში. დანარჩენი ყველა სერვისი გაიცემა მხოლოდ დაჯავშნის გზით წინასწარ, ელექტრონული რიგის მეშვეობით, ზუსტად ისე, როგორც ეს ვირუსის საქართველოში შემოსვლამდე ხდებოდა. ეს დროებითი წესი იმოქმედებს მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების კვალდაკვალ შევძლებთ კორექტირება შევიტანოთ ამ ახალ წესში, რომელსაც გთავაზობთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.