თეა წულუკიანი მოლდოველ კოლეგას შეხვდა, რომელიც საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს ეცნობა
თეა წულუკიანი მოლდოველ კოლეგას შეხვდა, რომელიც საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს ეცნობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოლდოველ კოლეგას ვიქტორია იფდოტის  შეხვდა, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს ეცნობა.

შეხვედრაზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროში გაიმართა, სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის სამართალთან; ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამები; გამჭვირვალე მმართველობა; ელექტრონულ სერვისები; მიღწევები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში. ამასთან, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას სამართლებრივ სფეროში.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მემორანდუმი, რომელიც დღეს გაფორმდა, საერთაშორისო სასამართლოებში მრავალმხრივი გამოცდილების გაზიარებასაც ითვალისწინებს, რადგან მოლდოვას სტრასბურგის სასამართლოში რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი ტიპის დავების გამოცდილება უკვე აქვს.

„მოლდოვის იუსტიციის მინისტრის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია, რადგან ორ სამინისტროს შორის ხელი ეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ისეთ თემებზე, როგორიც არის საჯარო სერვისები; მართლმსაჯულების სფეროში ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება; სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებში გამოცდილების გაზიარება, რადგან მოლდოვას უკვე ჰქონდა წარსულში  რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი ტიპის დავები  სტრასბურგის სასამართლოში. ჩვენ სულ რამდენიმე დღეში გვექნება ბოლო სხდომა აგვისტოს ომის საქმეზე და აქაც სასაუბრო და ერთმანეთისთვის გასაზიარებელი ბევრია“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. თანამშრომლობის დოკუმენტი საქართველოსა და მოლდოვას შორის სამართლებრივ სფეროში ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებს. მათ შორისაა: თანამშრომლობა ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ დონეზე; სასწავლო და კვლევითი პროგრამების და პროექტების ერთობლივი განვითარება და კოორდინაცია; გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება ექსპერტულ დონეებზე.

მოლდოვის იუსტიციის მინისტრი თბილისის იუსტიციის სახლსაც ესტუმრა და სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების გაცემის სპეციფიკას გაეცნო.

დღესვე, საქართველოს და მოლდოვის იუსტიციის მინისტრები ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მესამე კონგრესს დაესწრნენ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ვიქტორია იფდოტი  სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს შეხვდება და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებას მოინახულებს.

თეა წულუკიანი ვიქტორია იფდოტს მიმდინარე წლის აპრილში, კოპენჰაგენში ვიზიტის დროს, საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში შეხვდა და ქართული რეფორმების გასაცნობად თბილისში მოიწვია. მოლდოვის იუსტიციის მინისტრი საქართველოს სწორედ ამ მიზნით ესტუმრა.