თეა წულუკიანი - მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის საბოლოო რედაქციით საპროკურორო საბჭო კონსტიტუციური ორგანო ხდება
თეა წულუკიანი - მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის საბოლოო რედაქციით საპროკურორო საბჭო კონსტიტუციური ორგანო ხდება

მინდა, ყველას მივულოცო უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო რეფორმის დასრულება. ამით ჩვენ გადავდივართ სრულფასოვნად საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის საბოლოო რედაქციის მიღებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის საბოლოო რედაქციით, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უფრო მაღალი ხარისხით იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, ხოლო ცვლილებებით მართლმსაჯულების სისტემა კიდევ უფრო დამოუკიდებელი და გაძლიერებული გამოდის.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ტექსტში დავაფიქსირეთ ისეთი სიახლეები, როგორიც არის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა კანონის წინაშე, ბავშვთა საუკეთესო ინტერესი, ასევე ჩაწერილია, რომ შშმ პირთა უფლებები უნდა იყოს უფრო მაღალი ხარისხით დაცული და ასევე ჩვენთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ორი რამ, რომ საპროკურორო საბჭო ხდება კონსტიტუციური ორგანო, მთავარი პროკურორი უფრო მაღალი ხარისხით იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე და რომ ამ კონსტიტუციით ადვოკატის როლი არის გაძლიერებული.

და ბოლოს, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ვენეციის კომისიამ, მიუხედავად არასამთავრობო სექტორის დაუსაბუთებელი კრიტიკისა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მე-18 მუხლში შეტანილი საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული ნოვაციები და ცვლილებები დადებითად შეაფასა და ამ კონსტიტუციასთან ერთად ახალი მე-18 მუხლიც შევა ძალაში, რაც გზას გაუხსნის ჩვენს ქვეყანას ინფორმაციის თავისუფლების აქტისკენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს 115 ხმით დაამტკიცა.