თეა წულუკიანი - მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში და გაგრძელდება ჰუმანური პოლიტიკა სასჯელაღსრულების სისტემაში
თეა წულუკიანი - მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში და გაგრძელდება ჰუმანური პოლიტიკა სასჯელაღსრულების სისტემაში

მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში და გაგრძელდება ჰუმანური პოლიტიკა სასჯელაღსრულების სისტემაში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ის ჰუმანური პოლიტიკა, რომელიც ჩვენ შევძელით მოგვეტანა პენიტენციურ სისტემაში თითოეული ჩემი წინამორბედი მინისტრის თაოსნობით. დაწყებული ბატონი სუბარიდან, შემდეგ უკვე მე ვცდილობ, გავაგრძელო.

გაგრძელდება პოლიტიკა, მშენებლობები – ჩვენ წელს ჩავუშვებთ და მომდევნო იუსტიციის მინისტრი გააგრძელებს. ჩემი მთავარი მიზანია, რომ მან, ვინც იქნება მინისტრი, და ის იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, შეძლოს, ამას დააშენოს უკეთესი რამ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა.