თეა წულუკიანი - მიზანმიმართული აღრევა ხდება, თითქოს ჩვენ პოლიტიკური ბოიკოტის გამო ვიღებთ დაფინანსების კანონს, ეს არის მორიგი სიყალბე
თეა წულუკიანი - მიზანმიმართული აღრევა ხდება, თითქოს ჩვენ პოლიტიკური ბოიკოტის გამო ვიღებთ დაფინანსების კანონს, ეს არის მორიგი სიყალბე

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებას, თითქოს „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ბოიკოტის გამო იღებს დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

წულუკიანის თქმით, ეს ოპონენტების მხრიდან მორიგი სიყალბეა.

თეა წულუკიანის განმარტებით, თუ პოლიტიკური პარტიები მანდატებს აითვისებენ, მაგრამ შემდეგ გამოაცხადებენ ბოიკოტს და არ ივლიან პარლამენტში, მისასალმებელი საქციელი არ იქნება, თუმცა მათ არ შეუწყდებათ დაფინანსება.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ პოლიტიკური ბოიკოტი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ბატონო ანრი, სავსებით გეთანხმებით, რომ მიზანმიმართული აღრევა ხდება იმისა, თითქოს ჩვენ პოლიტიკური ბოიკოტის გამო ვიღებთ რა ამ კანონს. ასევე, არიან ძალები, რომლებიც აცხადებენ, თითქოს ბატონ ირაკლი კობახიძეს ლექციები წაუკითხავს, შემდეგ ამ ლექციების შედეგად წიგნი შემდგარა. მე ბატონი ირაკლის ლექციები მომისმენია, მართლაც ძალიან საინტერესოა და წიგნები არა მხოლოდ შემდგარა, თავადაც დაუწერია და მრავლად.

ასაღებენ ისე, თითქოსდა სწორედ პოლიტიკური ბოიკოტის გამო მიიღება ეს კანონი, რაც არის მორიგი ყალბი ინფორმაცია და სიყალბე. პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, ჟესტი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რეალობაში ხანდახან ძნელია, განასხვავო პოლიტიკური მებოიკოტეები დღეს, მართლა მებოიკოტეები და პოლიტიკოსები არიან, თუ ქუჩის საბოტაჟნიკები, ასე დავარქმევდი. ეს ზღვარი ჩვენ უნდა გავავლოთ და ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, არა მხოლოდ იურიდიულმა კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ, როგორც ამას თქვენ აკეთებთ ახლა ტრიბუნიდან.

საქმე ეხება სინამდვილეში იმას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, ვინც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სხვადასხვა განყოფილების, იქნება ეს „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, მირჩი, კიდევ არ ვიცი, რა ჰქვიათ, აღმაშენებელი – სამეფო პარტიაა ასეთი, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს ყველა ეს განყოფილება, მათ ჰყავთ ამომრჩეველი და ისინი არიან მრავლად.

მათ ამ ამომრჩეველს უღალატეს და მათ ერთმევათ სწორედ ის მანდატების ფული, უხეშად რომ დავარქვათ, რაც მათ არ აითვისეს. თუ ისინი მანდატებს აითვისებენ, მაგრამ შემდგომ გამოაცხადებენ ბოიკოტს და არ ივლიან, რა თქმა უნდა,  მათ არ შეუწყდებათ დაფინანსება, თუმცა, ჩემი აზრით, ასეც არ იქნება მისასალმებელი საქციელი. ამიტომ ეს ზღვარი რომ გაივლოს მკაფიოდ, ამაზე თქვენთან ერთად ალბათ ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

გარდა ამისა, მან ტექნიკურ დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ბატონმა ირაკლი კობახიძემ ტექნიკური ხასიათის შემოთავაზება უკვე დააყენა და ეს აზრი მქონდა, მაგრამ მაინც ხაზს გავუსვამ, რომ მეც ასე მგონია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ამჟამინდელი მეხუთე პუნქტის ორი წინადადება ერთ პუნქტში დარჩეს. ეს ორი წინადადება სხვადასხვა იდეას, პერიოდებს და თემას ეხება. ამიტომ ეს ნამდვილად გასაყოფია და ბატონ ირაკლის ვეთანხმები, რომ უნდა გავყოთ.

ასევე, ამ ტექსტის კითხვისას ცალსახა არ არის, როდესაც ვამბობთ მანდატების ნახევარი მაინც უნდა აითვისოსო. შეიძლება, ჩვენ ვხვდებოდეთ, რას ეხება, მაგრამ განჭვრეტადობის პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებელი იქნება, დაზუსტდეს, ამ პარლამენტში ჯერ კიდევ შერეული მოდელია და ამიტომ ეს ეხება პროპორციულ ნაწილს, მაჟორიტარულს, თუ ორივეს ერთად. შემდეგ ეს დროსთან ერთად თავისთავად მოიხსნება, როდესაც ჩვენს ქვეყანაში სრულად პროპორციული მოდელი ამუშავდება“, – აღნიშნა წულუკიანმა.