თეა წულუკიანი - მივდივართ იქამდე, სადაც სუვერენიტეტი რეალურ შინაარსს შეიძენს და ახალგაზრდებს ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც ქვეყნის შიდა საქმეებზე უცხოელი ელჩის აზრი არ იქნება საინტერესო
ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ უკვე იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს, ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2006 წელს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას მოკლული ახალგაზრდების მშობლებს მოუსმინეს.
მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე არცერთი ელჩი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პატივს არ სცემდა საქართველოს სუვერენიტეტს და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც იმ რეჟიმის მთავარი შემოქმედი იყო.
„ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ უკვე იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს, ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს და ის ახალგაზრდები, პარლამენტის სტაჟიორები, რომლებიც აქ ბრძანდებიან და გვისმენენ, რომლებმაც შემდეგ ხელისუფლება უნდა გადაიბარონ, მათ უკვე ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც აქ გამოგზავნილი უცხოელი ელჩის აზრი საერთოდ არ იქნება საინტერესო ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით. ნელ-ნელა აქეთკენ უნდა წავიდეთ, რადგან, სამწუხაროდ, იმ ელჩებმა, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე, ერთი-ორი ბედნიერი გამონაკლისის გარდა, გვარებს არ ჩამოვთვლი, პრობლემები რომ არ შევუქმნათ, არცერთი არ სცემდა პატივს ჩვენს სუვერენიტეტს, არცერთი არ სცემდა პატივს იმ სისხლს, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველებმა დავღვარეთ და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს, იმ რეჟიმის მართლა მთავარ შემოქმედსა და ჯალათს, რომელიც ახლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება. აღმოჩნდა, ბატონო მიხეილ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც ადევნებს თვალს ერთგულად, ყურადღებას იჩენს და გვისმენს.
ამიტომ დარწმუნებული ვარ, იმ სისხლიანი რეჟიმის მთავარმა ავტორმა, რომელმაც თქვენი ოჯახი გაანადგურა, თქვენი უდანაშაულო და სხვების შვილები შეიწირა, ის გისმენდათ დღეს. ორი თვალით შეხედვას ცოტა მაინც ვაჟკაცობა და გამბედაობა უნდა, მაგრამ ჩვენი კომისიის მიზანია, ასეთია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ჩვენი დიდი გუნდის პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი დასკვნა, რომელშიც თქვენი ცამდე მართალი შვილის საქმეც აისახება, დოკუმენტი დაიდება, უნდა გახდეს იმის ერთ-ერთი საფუძველი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წევრები პოლიტიკურ საქმიანობაში აიკრძალონ, რათა ვეღარასოდეს, არამცთუ ვეღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკურ პროცესშიც ვეღარ მიიღონ მონაწილეობა, რომ თქვენნაირ ჭირისუფლებს არჩევნებისას ნერვებს აღარ უშლიდნენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.