თეა წულუკიანი - მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოკითხვები გუშინაც მიმდინარეობდა და გამოძიება გაგრძელდება
თეა წულუკიანი - მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოკითხვები გუშინაც მიმდინარეობდა და გამოძიება გაგრძელდება

მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოკითხვები გუშინაც მიმდინარეობდა და გამოძიება გაგრძელდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„როდის გაკეთდა ეს ჩანაწერი, ვის მიერ არის გაკეთებული, გამოტანილი, თუ ამგვარი ჩანაწერი საერთოდ გაკეთდა ციხის კედლებში, არის თუ არა ავთენტური, ამის თაობაზე როგორც გუშინ ნახეთ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება. სამი დღის წინ არის გამოძიება დაწყებული.

მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გუშინაც კი მიმდინარეობდა დაკითხვები და გამოძიება გაგრძელდება. იმედი მაქვს, პროკურატურა სრული გამჭვირვალობის პირობებში საზოგადოებას შეატყობინებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრმა დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„სასჯელაღსრულების სისტემაში ასე იყო მუდამ და ასეა მას მერეც, რაც იუსტიციის სამინისტრო შემოუერთდა – საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვით შედიან და ნახულობენ მათთვის სასურველ პატიმრებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხელი შევუშალოთ ამ ვიზიტებს,“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

„რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.