თეა წულუკიანი - მინსკის რეისთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის შექმნა დიდი სირცხვილია
თეა წულუკიანი - მინსკის რეისთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის შექმნა დიდი სირცხვილია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მინსკში განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი მისთვის გაუგებარია.

წულუკიანის თქმით, აღნიშნული რეისით ბელარუსში ელჩი ჩაფრინდა და ყალბი ინფორმაციების შექმნა დიდი სირცხვილია.

„არ მესმის, რას უკავშირდება მინსკში განხორციელებულ რეისთან დაკავშირებით ეს აჟიოტაჟი. ელჩი, მინისტრი და ჩვენც ადამიანები ვართ. ელჩი იმყოფებოდა თავის სამშობლოში, თბილისში და როდესაც დასჭირდა სახელმწიფოს, იმიტომ რომ ვერც ერთი ელჩი და საქართველოს მოქალაქე წინასწარ ვერ ივარაუდებდა, რომ მინისკში იქნებოდა ის მოვლენები, რომელიც მიმდინარეობს. სახელმწიფომ დროული გადაწყვეტილება მიიღო და სამთავრობო რესურსით ელჩი გაუშვა იქ, სადაც სახელმწიფოს შეიძლება, ახლა დასჭირდეს წარმომადგენელი.

ვფიქრობ, ამ ნორმალური სიტუაციიდან არანორმალურობის განცდის შექმნა არის მორიგი ყალბი ინფორმაციის შექმნის მცდელობა, რადგან იმავე ინფორმაციაში ითქვა, რომ ამ რეისმა მინსკიდან კრიმინალი ჩამოიყვანა საქართველოში. ამგვარი ყალბი ინფორმაციების შექმნა არის ძალიან დიდი სირცხვილი იმიტომ, რომ საზოგადოება ხვდება, ესა თუ ის არხი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას“, – განაცხადა წულუკიანმა.

ბელარუსში 16 აგვისტოს ფრენასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა.

უწყების ცნობით, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში, ბოლო დღეებში ბელარუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო, საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.