თეა წულუკიანი - მინისტრები იცვლებიან, მაგრამ საჯარო მოხელეები მუდამ არიან და მათ სჭირდებათ დაფასება
თეა წულუკიანი - მინისტრები იცვლებიან, მაგრამ საჯარო მოხელეები მუდამ არიან და მათ სჭირდებათ დაფასება

მინისტრები იცვლებიან, მაგრამ საჯარო მოხელეები მუდამ არიან და მათ სჭირდებათ დაფასება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ბაქარ ბერეკაშვილის კითხვაზე – იმ ფონზე, რომ საქართველოს ბიუროკრატია ძალიან მცირეა ევროპულ ბიუროკრატიასთან შედარებით, რამდენად რელევანტურია ისედაც მცირე ბიუროკრატიის კიდევ უფრო შემცირება, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ოპტიმიზაციის ფონზე, სადაც საჭიროა, კადრების შენარჩუნების პოლიტიკაც უნდა გატარდეს.

„ის, რომ ბიუროკრატია ისედაც მცირეა და არ უნდა შევამციროთ, ალბათ ვერ იქნებოდა არგუმენტი, იმისთვის რომ პრემიერ-მინისტრს არ მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მთავარი ის არის, რომ ჩვენ შევძლოთ ისეთი მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მეტად დააფასებს საჯარო მოხელეს. მე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ყველა საჯარო მოხელეს იმიტომ, რომ საკმარისია მათი წახალისების მიზნით მინისტრმა გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომ ეს მინისტრი ხდება ძალიან მწვავე კრიტიკის საგანი. თითქოსდა ბუნებრივი იყოს ის, რომ საჯარო მოხელე, რომელიც კანონებს წერს, რომელიც გამოძიებას აწარმოებს, რომელიც პოლიციელია და ქუჩაში დგას და ჩვენს შვილებს დანაშაულისგან იცავს, მას თურმე არ უნდა ჰქონდეს ხანდახან, მარიამობას თუ ახალ წელს, პატარა წახალისება მადლიერების ნიშნად. მე ვთვლი, რომ ეს მიდგომა არასწორია და თუ ეს ასე გაგრძელდა, ეს დაანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარ ნაწილს, რაზეც დგას სახელმწიფო. მინისტრები დღეს არიან, ხვალ არ ვიქნებით, ამას დამოუკიდებლობის შემდეგ მრავალი ცვლილება მოწმობს. მინისტრები არიან უცბად, მერე აღარ არიან, მაგრამ საჯარო მოხელეები მუდამ არიან და მათ სჭირდებათ დაფასება. შესაბამისად, ამ ოპტიმიზაციის მიზანი, ჩემი აზრით, ასევე უნდა იყოს არამხოლოდ ხარჯების შემცირება, არამედ იქ, სადაც საჭიროა, კადრების შენარჩუნების პოლიტიკის გატარებაც, იმიტომ, რომ არავისთვის არ არის დასამალი, რომ ველური კონკურენცია მიმდინარეობს კერძო სექტორთან და ძალიან ბევრი კომპეტენტური საჯარო მოხელე მიდის კერძო სექტორში. ყველას სჭირდება, არჩინოს ოჯახი და როგორც ვიცით, ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ერთი ადამიანი არ არჩენს მხოლოდ ერთ ოჯახს, არამედ როგორც წესი არჩენს ერთ ოჯახზე მეტს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

პირველი არხის ჟურნალისტის, მიშა ფეიქრიშვილის კითხვაზე – ამ ფონზე, ამდენი ადამიანის შესაძლო სამსახურის გარეშე დატოვება რამდენად პოპულარული ნაბიჯია, წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხედვაა, ნაკლები, მაგრამ კიდევ უფრო კვალიფიციური და მოქნილი ბიუროკრატიით მოხდეს საქმის კეთება, ხოლო დაზოგილი თანხები დაიხარჯოს ეკონომიკის განვითარებაზე.

„მე თუ ასეთ რამეს ვიტყვი, რომ პოპულარული ნაბიჯია ეს, არ უნდა დამიჯეროთ, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ხედვა, რომელიც მე ვთვლი, რომ სწორია, არის ის, რომ ჩვენ ნაკლები, მაგრამ კიდევ უფრო კვალიფიციური და მოქნილი ბიუროკრატიით, საჯარო სამსახურით და ინფრასტრუქტურით, უნდა ვაკეთოთ იგივე საქმე, რომ ეს გამოთავისუფლებული თანხები წავიდეს სხვა პროექტებზე. მე ასე ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პროკურორი თავისუფალია, სასამართლო თავისუფალია, დღეს არ გვეშინია ერთმანეთი გავაკრიტიკოთ და ასე შემდეგ, ეს არ არის საკმარისი. დღეს ნომერ პირველი პრიორიტეტია ის, რომ შეჭირვებაა ეკონომიკური ყველა ოჯახში თითქმის და ეს ბიუროკრატიული ხარჯები ჯობს დაიხარჯოს ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებაზე, რათა ჩვენ შევძლოთ უკვე ის ეკონომიკური წინსვლა, რაც, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს, უკვე შევიდეს ნელ-ნელა თითოეულ ოჯახში. ეს არის რთული და გრძელვადიანი პროცესი, მაგრამ ჩვენ გვინდა მოქალაქე, რომელიც სახელმწიფოზე დამოკიდებული კი არ არის, არამედ საკუთარ თავზე არის დამოკიდებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.