თეა წულუკიანი - მინდა, უკრაინას ვუსურვო მშვიდობის დამყარება, ტერიტორიების გამთლიანება, დავით არახამიას კი ვურჩევ, ამ საქმით დაკავდეს და არა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით
თეა წულუკიანი - მინდა, უკრაინას ვუსურვო მშვიდობის დამყარება, ტერიტორიების გამთლიანება, დავით არახამიას კი ვურჩევ, ამ საქმით დაკავდეს და არა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით

მინდა, უკრაინას რაც შეიძლება მალე მშვიდობის დამყარება ვუსურვო, ბატონ არახამიას ვურჩევ, სწორედ ამ საქმით დაკავდეს და არა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, შეგახსენებთ ბატონო დავით, თქვენთან არის ომი, ამიტომ ამ საქმეს მიხედეთ და ამ საქმეში გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს სურს მშვიდობა და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

„ბატონი არახამია, როგორც ვამბობთ ხოლმე, ჩვენთან უკვე არის პროგრამაში, რადგან დღე ერთია და რამდენიმე განცხადებას აკეთებს საქართველოსა და მის შიდა პოლიტიკურ საქმეებზე, რისი უფლებაც, არ მგონია, ჰქონდეს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს. უბრალოდ ვუპასუხებდი, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ამ ქვეყანაში ატყდეს ომი, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება, რომ ამ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და იღუპებოდნენ ადამიანები. პირიქით, სულ სხვა სტილით ვმართავთ ქვეყანას და ყველაფერს ვაკეთებთ. მთავრობა და პარლამენტი აკეთებს ყველაფერს, ხანდახან შეუძლებელსაც, იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა, იმისთვის, რომ ბავშვები დილით კარგ ხასიათზე მიდიოდნენ ბაღებში, სკოლებში და ზაფხულში ისვენებდნენ მშვიდობიან გარემოში, მათი მშობლები არ ნერვიულობდნენ იმაზე, რომ შეიძლება სიცოცხლეს საფრთხე შეექმნათ. ეს არის ჩვენი კრედო. მინდა, ვუთხრა ბატონ არახამიას, მისი დახმარება ჩვენ არ გვჭირდება, რადგან ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის. მინდა, უკრაინას ვუსურვო, რაც შეიძლება მალე მშვიდობის დამყარება, ტერიტორიების გამთლიანება და სუვერენიტეტის გაძლიერება. მინდა, ბატონ არახამიას ვურჩიო, სწორედ ამ საქმით დაკავდეს და არა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით. შეგახსენებთ, ბატონო დავით, თქვენთან არის ომი, ამიტომ ამ საქმეს მიხედეთ და ამ საქმეში გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა წულუკიანმა.