თეა წულუკიანი - მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა, ეს გამარჯვება მივულოცო, ხოლო მათ, ვინც ამ ომში ოჯახის წევრი დაკარგა, ვუთხრა, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს პატივს მივაგებთ
თეა წულუკიანი - მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა, ეს გამარჯვება მივულოცო, ხოლო მათ, ვინც ამ ომში ოჯახის წევრი დაკარგა, ვუთხრა, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს პატივს მივაგებთ

მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა, ეს გამარჯვება მივულოცო, ხოლო მათ, ვინც ამ ომში ოჯახის წევრი დაკარგა, ვუთხრა, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს პატივს მივაგებთ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დაღუპული გმირების ღირსებისთვის ბრძოლა გაგრძელდება ქვეყნის სრულ დეოკუპაციამდე.

„მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა და დღეს ცოცხალია, ეს გამარჯვება მივულოცო. ასევე ვინც აგვისტოს ომში, ტერიტორიული მთლიანობისთვის ოჯახის წევრი, ჩვენი გმირები დაკარგეს, მინდა, გამარჯვება მივულოცო, ვანუგეშო და ვუთხრა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს პატივს მივაგებთ და ვამბობთ, რომ მათი ინტერესებისა და ღირსებისთვის სამართლებრივი ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე“, – განაცხადა წულუკიანმა.

კითხვაზე, სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება თუ არა იმის საფუძველი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშვიდოების დაშვება მოხდეს, წულუკიანმა უპასუხა, რომ ეს დოკუმენტი ამ და სხვა ბევრი მიზნის მისაღწევად ძალიან მყარი საფუძველია.

„მყარი იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური რეზოლუცია. ეს არის ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლოს განაჩენი, რომელიც არის პირწმინდად საქართველოს სასარგებლო. თქვენ იცით, რომ ამჟამად ჰააგაში აგვისტოს ომის გამოძიების საქმე მიმდინარეობს და ჩვენ ვიმედოვნებდით და მიფიქრია იმაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოსულიყო ჰააგის ვერდიქტამდე. ეს იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესში და დღეს ეს ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მხედველობაში იქნება მიღებული ჰააგის სასამართლოში მიმდინარე გამოძიებისას“, – განაცხადა წულუკიანმა.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.