თეა წულუკიანი – მინდა, მოვუწოდო ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ ორგანიზაციებს, შეაფასეთ, არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი თავდასხმების მსხვერპლი გენდერული და წარმოშობის ნიშნით
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმიან გენდერული და წარმოშობის ნიშნით.
რაც შეეხება, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ბოიკოტს უწყებათაშორისი კომისიის მიმართ, თეა წულუკიანის თქმით, მათ კომისიის ფარგლებში საკუთარი ნარატივის გავრცელების საშუალება არ მიეცათ და სხვა გზა ვერ იპოვეს.
„მე, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, არა გუშინ, არამედ ბევრი კვირის წინ სხვადასხვა სხდომის კვალდაკვალ გამიჩნდა მოსაზრება და ეჭვი, რომ „ძალა ერთობაშია“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციურად პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც უყვართ ბოიკოტი, ეს მათი სტილია, რადგან უფრო სერიოზული მუშაობა მათ არ შეუძლიათ, აპირებდნენ მიზანმიმართულად და ერთხმად გარკვეულ თემებზე ერთ ხმაში საუბარს – ვიცით რომ გაყალბდება, ვიცით, რომ არეულობა იქნება, ვიცით, რომ სუს-ი ერევა, ვიცით, რომ არ იქნება თანაბარი პირობები. ჩვენი კომისიის ფარგლებში ამ ნარატივის გამდიდრება და გასაქანი რომ ვერ მიეცა მათ, სხვა გზა ვერ იპოვეს, თუ არა ბოიკოტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ მედიით თვალს ვადევნებთ , მედიამონიტორინგით თუ ვნახავთ , რომ „ევროპული საქართველო“, „ძალა ერთობაშია“, „საერთაშორისო გამჭირვალობა“ თუ საია რაიმე ინფორმაციას გაავრცელებს, ჩვენ მყისიერად ვახდენთ რეაგირებას“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ხალხის დაზაფვრისა და არეულობის გეგმა, რაც სავარაუდოდ არსებობდა, არავის გამოუვა.
„ჩვენ იმ ღირებულებებს, რომლითაც ხალხმა გაიმარჯვა 2012 წლის ოქტომბერს, აუცილებლად გავამარჯვებინებთ ამ არჩევნებზე. მესმის, რომ დამზაფვრელია და დაძაბულობის წყაროა, რაც მოედინება მედიასივრციდან და ზოგიერთი ტელევიზიიდან, მაგრამ ყველას მინდა მოვუწოდო სიმშვიდისკენ, კანდიდატებს ვუსურვო თანაბარი პირობები და თქვენის ნებართვით, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და როგორც კომისიის თავმჯდომარემ, მოწოდება გავაკეთო ქალთა ორგანიზაციებისადმი, საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, NDI-სადმი, IRI-სადმი, ოდირისადმი და ყველა იმ ორგანიზაციისადმი , რომლებიც არიან მედგრად მებრძოლნი ქალთა უფლებებისთვის, გთხოვთ, შეაფასოთ არის თუ არა ქალბატონი ზურაბიშვილი თავდასხმების მსხვერპლი გენდერული ნიშნით და წარმოშობის ნიშნით, რაც იკრძალება ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი ანტიდისკრიმინაციული კანონით და იკრძალება ასევე თანამედროვე, ცივილიზებული სამყაროს ყველანაირი კანონითა და ტექსტით, იმიტომ, რომ თუკი ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ იმაზე, თუ როგორ ექცევიან გარკვეული ძალები ქალ კანდიდატს, მაშინ არადამაჯერებელი იქნება, თუკი იგივე ორგანიზაციები არჩევნების შემდეგ მოვლენ და მეტყვიან, რომ კვოტები პარლამენტში საჭიროა. მე ვთვლი, რომ კვოტები საჭიროა, მაგრამ ქალთა უფლებების თემა დღეს წყდება ამ არჩევნებით, როდესაც ქალ კანდიდატს გენდერული ნიშნით და წარმოშობის ნიშნით, რადგან მას აქვს ორმაგი წარმოშობა, ქართული პირველ რიგში და ფრანგული, ამ ნიშნებით ესხმიან მას თავს. მოვითხოვ შეფასებებს, რადგან საარჩევნო გარემოს დახასიათება ამ შეფასების გარეშე იქნება არასრულფასოვანი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.