თეა წულუკიანი - მინდა, გავამხნევო პოლიციელები და ვუთხრა, რომ ჩვენც მოვყევით ნიაღვარში, ბექა წიქარიშვილმა გვიწოდა ძალაუფლებაზე შეყვარებული ბუშები, ოღონდ სხვა სიტყვით
თეა წულუკიანი - მინდა, გავამხნევო პოლიციელები და ვუთხრა, რომ ჩვენც მოვყევით ნიაღვარში, ბექა წიქარიშვილმა გვიწოდა ძალაუფლებაზე შეყვარებული ბუშები, ოღონდ სხვა სიტყვით

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მადლობას უხდის სამართალდამცველებს, რომლებიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე მოქალაქეებს იცავდნენ.

მისი თქმით, სამართალდამცველებს, რომლებიც შეურაცხყოფის ნიაღვარშიც მოხვდნენ, ხმამაღალი მადლობა ეკუთვნით.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ სამართალდამცველს, რომელიც მოცემულ ღამეს მუშაობდა, რომელიც შემდგომ აქციას იცავდა კონტრაქციისგან. მათ ეკუთვნით ხმამაღალი მადლობა და მე მინდა, ამ ქვეყნის მოქალაქემ ვუთხრა მადლობა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, შეურაცხყოფის ნიაღვარში მთავრობაც მოხვდა და ამის მაგალითად იუსტიციის მინისტრმა მთავრობის წევრების მიმართ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა წიქარიშვილის განცხადებები მოიყვანა.

„პოლიციელიც ადამიანია, სამართალდამცავიც ადამიანია და მინისტრიც ადამიანია. ამიტომ, არ გამოვრიცხავ ამ აუარებელ ნიაღვარსა და შეურაცხყოფის ტალღაში, რომელიც პოლიციელმა ორი დღის და მეტი დროის განმავლობაში ითმინა და დღეს ისევ დგას პოსტზე, შეიძლება თქვას, რომ მას აქვს შეურაცხყოფის განცდა. მე მინდა, გავამხნევო ისინი და ვუთხრა, რომ ჩვენც, მთავრობაც მოვყევით ამ ნიაღვარში. მე პირადად, ქუჩაში არ გამოვსულვარ, ამის უფლებას ჩემს თავს არ მივცემდი, მაგრამ ვუსმენდი, როგორ ეძახა ბატონმა ბექა წიქარიშვილმა მთავრობის წევრებს ძალაუფლებაზე შეყვარებული ბუშები, ოღონდ სხვა სიტყვით. აქ ჯორჯს და ბარბარას არ გულისხმობდა, მაგრამ ამაზე პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა, პირიქით, ამაზე პასუხი უნდა იყოს დიალოგი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.