თეა წულუკიანი - მიხეილ სააკაშვილი უკვე მისი პარტიისთვისაც გახდა ტოქსიკური მოვლენა
თეა წულუკიანი - მიხეილ სააკაშვილი უკვე მისი პარტიისთვისაც გახდა ტოქსიკური მოვლენა

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოსთან სამართლებრივი არგუმენტებით თანამშრომლობა ქართველი ჯარისკაცების ინტერესების დასაცავად.

„უნდა შევძლოთ, პასუხისმგებლობა დავაყენოთ რუსეთის იმ საჯარო მოხელეებისადმი, ვისი ბრალიც, რა თქმა უნდა, იმედია, გამოიკვეთება ერთ და მეორე საერთაშორისო სასამართლოზე. ეს იქნება პირველი სასამართლო დოკუმენტები, რომლებიც დაამტკიცებს, რომ პოლიტიკურად გაკეთებული ამჟამინდელი განცხადებები საფუძვლიანია, მათ შორის – არაღიარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა შეაფასა ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია, არის ძალიან ტოქსიკური ფენომენი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ერთადერთი, ვისთვისაც ის ტოქსიკური არ იყო, ეს მისივე პარტია იყო და როგორც ვხედავ, ის უკვე მათთვისაც გახდა პრობლემა და ტოქსიკური მოვლენა. მოცემული ტოქსიკური ფენომენი აცხადებს, თითქოს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველი ჯარისკაცები დასაჯოს რომელიღაც საერთაშორისო სასამართლოში. მე მინდა ვუთხრა მას, რომ ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს არის მისი, როგორც ყოფილი მთავარსარდლის, სასირცხვილო განცხადება. მოქმედმა ქართველმა ჯარისკაცებმა, ყოფილმა ჯარისკაცებმა კარგად იციან, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, „ქართული ოცნების“ მთავრობა სწორედ ის ხელისუფლებაა, რომელიც ყველაზე ერთგულია ქართველი ჯარისკაცების. ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ იმისათვის, რომ ჩვენთვის სამართლებრივ დონეზე, სასამართლო დოკუმენტების დონეზე დადგეს ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება არის ერთი და ეს მტკიცდება ფაქტებით, რომ ქართველებმა განიცადეს აგვისტოს ომის დროს ეთნიკური წმენდა. ასევე, ჩვენი ჯარისკაცები იყვნენ ტყვეებად აყვანილნი და ნაწამები, და ამის არაერთი, მათ შორის დოკუმენტური, მტკიცება არსებობს“, – აღნიშნა წულუკიანმა.