თეა წულუკიანი - რაც არ უნდა ზურიკელას დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს მიხეილ სააკაშვილი, ადრე თუ გვიან ის დაბრუნდება და მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში
თეა წულუკიანი - რაც არ უნდა ზურიკელას დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს მიხეილ სააკაშვილი, ადრე თუ გვიან ის დაბრუნდება და მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში

ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ყალბი ბოდიში, მოვისმინეთ, ის საუბრობდა მძიმე შეცდომებზე. რასაც ის მძიმე შეცდომებს უწოდებს, სამართლებრივ დონეზე ამას ჰქვია დანაშაული და მძიმე დანაშაული, რომლისთვისაც მას პირადად და მისი გუნდის არაერთ წევრს, არაერთი სასამართლო ინსტანციის მიერ საქართველოში აქვს მისჯილი სხვადასხვა საპატიმრო სასჯელი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„შესაბამისად, რაც არ უნდა ზურიკელას დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს მიხეილ სააკაშვილი და გვეუბნებოდეს, რომ დაბრუნდება და მალე მთელი ქვეყანა თვითონ იქნება, რა თქმა უნდა, ის ადრე თუ გვიან დაბრუნდება და მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში, ქართული კანონის წინაშე. თუ კი ის წინასაარჩევნოდ დაბრუნდება, რა თქმა უნდა დაკავების პროცედურები შედგება საქართველო სახელმწიფო საზღვარზე. რაც შეეხება მის ექსტრადიციას ჩვენ მრავალჯერ, ჯერ კიდევ მთავარი პროკურატურის პირობებში, შემდეგ უკვე ახლა, როცა სრულიად დამოუკიდებელია სამინისტროსგან გენპროკურორი და პროკურატურა, ცდილობდნენ პროკურორები მის დაბრუნებას, თუმცა უკრაინის სახელმწიფომ არაერთხელ უმიზეზოდ უარი უთხრა საქართველოს სააკაშვილის ექსტრადიციაზე. თუმცა ახლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას აგდებენ, რომ მისი ადგილი უკვე აღარ არის უკრაინაში და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამიტომ ის საუბრობს საქართველოში დაბრუნებაზე, რადგან სხვაგან წასასვლელი აღარ აქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტების კითხვის პასუხად ვიცე-პრემიერმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი.

„ვფიქრობ, რომ თუკი ბატონმა ღარიბაშვილმა, არ მომისმენია, მაგრამ უწოდა ბატონ სააკაშვილს „ბრიყვი“, ეს არის ძალიან დიდი კომპლიმენტი. არ ვიტყვი იმ ეპითეტებს, რომლის გამოყენების ძალიან დიდი სურვილიც მაქვს ბატონი სააკაშვილისადმი. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი – ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც უარი თქვა სამშობლოზე, უარი თქვა საქართველოში მოქალაქეობაზე, რომელმაც უარი თქვა ჯარისკაცის ღირსებისა და პატივის დაცვაზე, როცა იყო პრეზიდენტი და როცა უკვე აღარ იყო პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემდა არც ერთ საჯარო მოხელეს და თავს ყიდდა მსოფლიოში როგორც ნამდვილი აფიორის სპეციალისტი, როგორც მას დღეს უწოდებენ უკრაინაში, თავს ყიდდა დემოკრატიისა და რეფორმების შუქურად, ამ ადამიანისადმი ყველა უარყოფითი ეპითეტი იქნება მხოლოდ კომპლიმენტი.

ერთადერთი, რაც მას ეკუთვნის, ეს არის ის სასჯელი, რომელიც მიუსაჯა ქართულმა სასამართლომ და ის როდესაც თავისით დაბრუნდება ან დავაბრუნებთ, ამ სასჯელს მოიხდის“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, დასძინა, რომ საქართველოში ბრუნდება.