თეა წულუკიანი - მესტიის მუზეუმი არის ერთ-ერთი უნიკალური და ჩემი მოსაზრებაა, მან მიიღოს ავტონომიურობა, რათა შეძლოს განვითარებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება
თეა წულუკიანი - მესტიის მუზეუმი არის ერთ-ერთი უნიკალური და ჩემი მოსაზრებაა, მან მიიღოს ავტონომიურობა, რათა შეძლოს განვითარებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება

მესტიის მუზეუმი არის ერთ-ერთი უნიკალური და ჩემი მოსაზრებაა, მან მიიღოს ავტონომიურობა, რათა შეძლოს განვითარებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, კულტურის მინისტრმა ისაუბრა არხოტის, ამღასა და მუცოს შესახებაც.

„მე როდესაც დავინიშნე მინისტრად, ამღისგან განსხვავებით, მუცოს პროექტი მიმდინარე სტატუსით იყო, მაგრამ შევიტყვე, რომ პროექტი არ მიმდინარეობდა რეალურად; ძეგლთა დაცვის სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მიპასუხა, რომ დაავიწყდათ ტენდერის გამოცხადება. ამიტომ ჩვენ უკვე ვეღარ გამოვაცხადებდით ტენდერს, რადგან კლიმატური პერიოდი აღარ იყო ხელსაყრელი იმისათვის, რომ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება მოსწრებულიყო. ამდენად, მომავალი საბიუჯეტო წლის დასაწყისში იმ ეტაპის სამუშაოების ტენდერს, სადაც გაჩერდა, გამოვაცხადებთ.

ამღაზე დაგპირდებით, რომ იანვარში, როდესაც ახალი სტრუქტურა შემუშავდება, ჩვენ ერთად დავიწყებთ ამაზე ზრუნვას, კვლევითი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება, რომ ზუსტად განისაზღვროს საჭირო თანხების ოდენობა.

მესტიის მუზეუმი არის ერთ-ერთი უნიკალური სამუზეუმო ქსელში, თუკი ის ხელშეწყობა იქნება, რაზედაც მესტიაში ვიზიტისას ვისაუბრეთ, ჩემი მოსაზრებაა, მან მიიღოს ავტონომიურობა, რომ შეძლოს იმ პროცედურების განხორციელება, რომელიც სჭირდება მუზეუმის განვითარებას და ადგილობრივად მოვლა-პატრონობას. ეს გამოიწვევდა სამეცნიერო, ასევე არქეოლოგიური ცენტრის შექმნა-აღორძინებას.

გელათზე დავამატებ, რომ როდესაც ეს პრობლემები და მიზეზები შევაჯამე, მიწიერი ერთი პრობლემა გამომრჩა – კედლის მხატვრობის ანალიზისას აღმოჩნდა, რომ არ გვაქვს შესაბამისი სტანდარტის ხარაჩოები, ამ მომენტში მიმდინარეობს ტენდერი ხარაჩოების შესაქმნელად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა პარლამენტში ასევე ისაუბრა უშგულში არსებულ სიტუაციაზე.

„მე გახლდით უშგულში, სადაც საკმაოდ დაძაბული შეხვედრა მომიწყო მოსახლეობამ და თუ რამემ გადამარჩინა, ეს ისევ ჩემი ფესვები იყო. ეს ხალხი ძალიან ლეგიტიმურად ითხოვდა, რომ მოვა თოვლი და ჩაინგრევა უსახურავო კოშკები. აქ ნაკლებად მწვავე ვიქნები ძეგლთა დაცვის სააგენტოსადმი, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ სვანეთია, ხეობაა, მიუვალია და ტენდერი იშლებოდა, არც ერთმა კომპანიამ არ ჩათვალა მომგებიანად მათი გაგებით, პატარა ობიექტის რეაბილიტაცია. ერთმა კომპანიამ მოისურვა მხოლოდ და უშგულელებმა, თავიანთი არგუმენტების საფუძველზე, ეს კომპანია არ შეუშვეს სოფელში, იყო კონფლიქტიც და სამუშაოები ვერ ჩატარდა.

დადგა დილემა, რაშიც დაიკარგა ზაფხულიდან ნოემბრამდე დრო და ჩვენ გამოვიგონეთ მოდელი, რომლის ფარგლებშიც მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ნდობა გამოვუცხადეთ ადგილობრივ, ახალგაზრდა, საქმეში გამოცდილ ოსტატებს, რომლებიც ისედაც უვლიდნენ კოშკებს და ისინი, მივესალმები მათ ამ ადგილიდან, ამ მომენტში მუშაობენ ზამთრამდე, სანამ თოვლი მოვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.