თეა წულუკიანი - მერვე დაწესებულებაში, სადაც წამების ციტადელი იყო, გავაშენე ბოსტანი და იქ უვადო პატიმრები მუშაობენ
თეა წულუკიანი - მერვე დაწესებულებაში, სადაც წამების ციტადელი იყო, გავაშენე ბოსტანი და იქ უვადო პატიმრები მუშაობენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, სადაც N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მონიტორინგის შედეგებზე სპეციალური ანგარიში მოისმინეს, N8 პენიტენციურ დაწესებულებაზე ისაუბრა.

მან სახალხო დამცველის კრიტიკის საპასუხოდ განმარტა, რატომ არის აღნიშნული პენიტენციური დაწესებულება ნაწილობრივ გარემონტებული და ასევე ამ დაწესებულების პატიმრების დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა, მათ შორის – უვადო მსჯავრდებულების დასაქმებაზე.

„მერვე დაწესებულებაში ბრძანდებოდით სახალხო დამცველის წარმომადგენლები და ისე როგორ გამოხვედით იქიდან, ვერ დაინახეთ, რომ პატიმრები შრომობენ დიგიტალიზაციის პროექტზე. იქ, სადაც იყო წამების ციტადელი, გავაშენე ბოსტანი. ზოგს ეცინება, წამების ადგილას ბოსტანი რამ გაგაშენებინაო. დიახ, ჩვენ გავაშენეთ ბოსტანი და ამ ბოსტანში მუშაობენ უვადო პატიმრები, რომლებიც თქვენ მაინცდამაინც არ გადარდებთ. 73 უვადო პატიმარია ქვეყანაში და ჩემი ვალია, ამ რიცხვის შემცირებაზე ვიზრუნო, არ ვგულისხმობ გათავისუფლებას. როგორ? კარგი იქნებოდა, ამაზე სახალხო დამცველს ჩემთან ერთად ემუშავა, მაგრამ ჯერჯერობით ამგვარი რამ არ ჩანს, პირიქით – არაერთი უვადო პატიმარი თქვენთან ითხოვს შეხვედრას, მაგრამ თქვენ მათ არ შეხვედრიხართ, შეხვდით“, – მიმართა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და ომბუდსმენის წარმომადგენლებს სხდომაზე.

მისი თქმით, ომბუდსმენის პრეტენზიაა, რომ უწყებიდან წერილებზე პასუხს ვერ იღებს, თუმცა წულუკიანის შეფასებით, რა აზრი აქვს წერილებზე პასუხს, თუ პასუხებს არ წაიკითხავენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ომბუდსმენის აპარატს იუსტიციის უწყებიდან დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია გლდანის დაწესებულების შესახებ.

„გლდანის დაწესებულება დიდი ინფრასტრუქტურაა და ძალიან ცუდი სამართავია, რადგან ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდად არის მოწყობილი. ეს თქვენ კარგად იცით, ამას მე ვერ შემრაცხავთ, რადგან ეს არ არის ჩემი ბრალი. გლდანის დაწესებულებაზე პენიტენციურმა სამსახურმა დეტალურად მოგწერათ, თუ რატომ არის ზოგიერთი ადგილი გარემონტებული და ზოგი გაურემონტებელი. დღეს გლდანში 2600 პატიმარია. იმდენი პატიმარი, რამდენიც არის მთლიანად ლატვიაში, არის მხოლოდ გლდანში. ეს არის კრიტიკულად დიდი ინფრასტრუქტურა, თან დახურული ციხეა და რაკი სხვა ინფრასტრუქტურა არ დამხვდა, როდესაც ეს სისტემა შევიერთე, ამ პატიმრებს მე სახლში ვერ წავიყვან, თქვენც ვერ წაიყვანთ ალბათ. შესაბამისად, ეს პატიმრები სადღაც უნდა იყვნენ. თუ პატიმარი საკანშია, იმ საკანს ვერ გაარემონტებ, ამიტომ ხდება ფლიგელ-ფლიგელ დაწესებულების გამოთავისუფლება, იმ ფლიგელის გარემონტება, მერე უკან შეყვანა და ასე შემდეგ, რათა პრობლემა, რომელიც დაგვხვდა, აღმოვფხვრათ, თუნდაც მწერების პრობლემა. ასევე, ეს დახურული ციხეა და კარგი იქნება, ჰქონდეს ქვეყანას ფუფუნება, 2600 პატიმარი გაიყვანოს, გაარემონტოს და უკან შემოიყვანოს, მაგრამ ამის ფუფუნება დღეს ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, იუსტიციის უწყების ხედვაა, სუბკულტურასთან ბრძოლის მიზნით, ევროპული სტანდარტის შესაბამისად, გაგრძელდეს პატიმრების დაყოფა და პატიმრები, რომლებიც მოინდომებენ სხვების კონტროლს, განცალკევებული იყვნენ სხვა მსჯავრდებულებისგან.

„მე ვიყავი პირველი მინისტრი, რადგან იმ მთავრობას წარმოვადგენ, რომელიც კარგად თუ დაუკვირდებით, ძალიან გაბედული მთავრობაა. პირველად მე შარშან, მაღალი ტრიბუნიდან ვთქვი, რომ ზონები უნდა დაიკეტოს. ეს არ თქმულა მანამდე, ეს ძალიან გაბედული განცხადებაა მრავალ ჭრილში, ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ზონები უნდა დაიკეტოს, ამისთვის საჭიროა ახალი ციხეები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, ლაითურის ციხესთან დაკავშირებით ტენდერი მალე გამოცხადდება.

„იმედი მაქვს, მაღალი კონკურენცია იქნება, რათა ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაწყებული ციხის მშენებლობა, რომელიც არის სუპერინფრასტრუქტურა, როგორმე დასრულდეს. სოზარ სუბარის დროს განხორციელდა ყველაზე დიდი სამუშაოები. მაგალითად, ამით ჩვენ გეგუთის ე.წ. ზონას საბოლოოდ დავხურავდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პატიმრები უნდა გამოკეტო. ახალ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ ისე, რომ იქ იყოს უფრო მეტად საკნიდან გარეთ ყოფნის დრო, სარეაბილიტაციო პროგრამები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა კომიტეტის სხდომაზე.