თეა წულუკიანი - მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ შანსები მცირდება და ცდილობენ, ყველაფრის ერთად შერევით საქმეში გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს ტყუილები დააჯერონ
თეა წულუკიანი - მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ შანსები მცირდება და ცდილობენ, ყველაფრის ერთად შერევით საქმეში გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს ტყუილები დააჯერონ

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ შანსები მცირდება და ცდილობენ, ყველაფრის ერთად შერევით საქმეში გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს დააჯერონ გარკვეული ტყუილები და ისინი მათ მიჰყიდონ რეალობად, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ბოლო დღეებში აგვისტოს ომის თემა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება, თითქოსდა მათ მოწინააღმდეგე კანდიდატთან უკეთესად საბრძოლველად.

„სინამდვილეში გამიჩნდა ცოტა სხვა ეჭვი, ხომ არ არის ეს პანიკაში ჩავარდნილი ადამიანების რეაქციები. გამოძიების მასალებში ჩახედული ვარ, რისი ეშინიათ არ ვიცი და მით უმეტეს, რატომ გადალახეს უსინდისობის ის ზღვარი, რაც არის, შეაშინო ან წამოაგო რაღაც პროვოკაციაზე მოქმედი თუ ყოფილი სამხედროები. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ყოფილი მთავარსარდლისგან და ყოფილი პრეზიდენტისგან. მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ვთქვა, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ჩანს, უკვე მიხვდა, რომ მათი მეორე ტურში მოგების შანსი მცირდება. ცდილობენ, ყველაფრის ერთად შერევით საქმეში გაითვითცნობიერებელ ადამიანებს დააჯერონ გარკვეული ტყუილები და ისინი მათ მიჰყიდონ რეალობად. ისინი საუბრობენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ და „ქართული ოცნების“ მთავრობამ ჰააგაში საქმე უკან არ შეაბრუნა. თუ არ ხარ ამ საქმეში ჩახედული, გიჩნდება კითხვა, კი მაგრამ, რატომ არ შეაბრუნა საქმე. ისმის ჯადოსნური სიტყვა, საქმის შებრუნება, რაც სამართალში არ არსებობს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ჰააგაში სისხლის სამართლის სასამართლოში გამოძიება დანაშაულებზე, რომელიც შეიძლება იყოს ჩადენილი აგვისტოს ომის დროს, პროკურორ ფატუ ბენსუდას მიჰყავს.

„ორი სასამართლოა ჰააგაში, ერთი არის სისხლის სამართალი, სადაც გამოძიება მიმდინარეობს. ყველას გვახსოვს, ფატუ ბენსუდა აქ იყო. ეს არის სასამართლო, სადაც ფატუ ბენსუდა არის პროკურორი და აქ საქართველო, როგორც სახელმწიფო არ არის და ვერასოდეს ვერ იქნება მხარე. ფატუ ბნსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომლებიც შეიძლება იყოს მომხდარი აგვისტოს ომის დროს. თუკი ის მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება, დაკავების მოთხოვნით კონკრეტული ადამიანების მიმართოს იმავე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს. აქ საქართველოს სახელმწიფო ვერ იქნება ვერასოდეს მხარე ან რამეში დადანაშაულებული. აქ შეიძლება, მხოლოდ დადგეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, განურჩევლად მოქალაქეობისა და ეთნიკური წარმოშობისა. მეორე სასამართლო არის გაერო-ს მართლმსაჯულების სასამართლო, სადაც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის პირველ აპრილს ეს დავა წააგო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.