თეა წულუკიანი - მეგობრებმა და პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
თეა წულუკიანი - მეგობრებმა და პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა კეთილი უნდა ინებონ და პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„სხვა მხრივ, ეს სახელმწიფო უბრალოდ, ვერ შედგება, თუ ყველას ტაშს დავუკრავთ, მოდი და გაგვაკრიტიკე თქო. ევროპელებზე გაცილებით მარტივად ვსაუბრობ, რადგან 16 წლის ასაკიდან მათთან ვიყავი, მათი საშუალო სკოლა დავამთავრე, მათი უნივერსიტეტი და ვიცი, მათ რა აწუხებთ და რამდენად უნდათ საქართველოს განვითარება. რაც შეეხება განცხადებებს პროცესსა და კრიტერიუმებზე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს მომავალში, აბსოლუტურად ყველა ტიპის კრიტიკისთვის და რჩევისთვის ვართ მზად, რათა ის გრძელვადიანი ტიტანური გზა, რომელსაც თქვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად შევუდექით, რომ საქართველოში მართლმსაჯულება ერთხელ და სამუდამოდ იდეალური გახდეს, აქეთკენ ნაბიჯები კიდევ გადავდგათ“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი, რა თქმა უნდა, გააჩნდა, მაგრამ საკუთარ თავს უფლება არ მისცა, რომელიმე დეპუტატთან მათ შესახებ დასაბუთებულად ესაუბრა.

„მე ეს არ გავბედე და ჩემ თავს არ მივეცი ამის უფლება. უკვე იმ სიასთან მიმართებაში, ვისაც კენჭი ეყარა, დავინახეთ, რომ ადამიანებმა მოისხეს მანტია, ფიცი დადეს და მე უარს ვამბობ ამ ადამიანების შეფასებაზე. თუმცა, სხვადასხვა დროს ჩემ მიერ გაკეთებული შეფასებებიდან ვიღაცებმა შეიძლება, გამოიცნონ, ვინ მომწონს, ვის უფრო ახლოს ვიცნობ და ვის არა. მე რასაც ჩემ თავს ვთხოვ, იმავეს ვთხოვ ნებისმიერ ევროპელს“, – განაცხადა წულუკიანმა. 

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იყო და პარლამენტის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს.

„რომელიმე თუნდაც, დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში გინახავთ, საკუთარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ლაივში უწყობდნენ გასაუბრებებს და ასე არჩევდნენ?! ეს არის უპრეცედენტო. ამიტომ, რაც გვაქვს, იმას შევხედოთ და სწორად, ობიექტურად შევაფასოთ, თორემ არც ქვეყნის შიგნით და არც ჩვენი პარტნიორებისგან არ ვითხოვთ, ქება-დიდება დავიმსახუროთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, რეფორმების წყალობით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა, სასამართლო სისტემაში დღეს სხვა მოცემულობა გვაქვს, ვიდრე გვქონდა, რაც რა თქმა უნდა, იდეალური არ არის, მაგრამ შედეგი ასე სწრაფად ვერ იქნება იდეალური.

„ექვსჯერ არის გაზრდილი გამამართლებელი განაჩენების რიცხვი და როდესაც პრობლემა აქვს, მოქალაქე ალბათ, უფრო ნდობით მიდის ქართულ სასამართლოში, ვიდრე მანამდე მიდიოდა, რამაც სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რიცხვი თერთმეტჯერ შეამცირა და სამჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობების რიცხვი მაშინ, როცა წინა პერიოდში, ომბუდსმენობისას, სოზარ სუბარი რეზინის ციხეებს ეძახდა ქართულ ციხეებს, რადგან ციხეში რამდენიც შეეტეოდა, წინასწარ პატიმრობაში იმდენს აგზავნიდნენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მავანმა რამდენიც არ უნდა იძახოს, რომ სასამართლოს კლანი მართავს და ა.შ., ფაქტია, მოქალაქეები სახელმწიფოსთან დავას იგებენ და სახელმწიფო დავას 60%-ზე მეტ შემთხვევაში აგებს, რასაც მოფრთხილება სჭირდება.