თეა წულუკიანი - მამუკა ბახტაძემ გააკეთა ისტორიული განაცხადი, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა ნებაყოფლობით ჩადებს დიდ თანხას ევროპის საბჭოს გადარჩენის ოპერაციაში
თეა წულუკიანი - მამუკა ბახტაძემ გააკეთა ისტორიული განაცხადი, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა ნებაყოფლობით ჩადებს დიდ თანხას ევროპის საბჭოს გადარჩენის ოპერაციაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ევროსაბჭოში გამოსვლა იყო შთამბეჭდავი.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა წევრი ქვეყნების დეპუტაციებს იმ რეფორმების შედეგები აჩვენა, რომელიც საქართველოს აქვს.

„პრემიერ-მინისტრმა აჩვენა, რომ საქართველო პროგრესის გზაზე დგას და ამას აღიარებს ყველა, რაც არ უნდა კრიტიკულად განწყობილი ევროპელი პოლიტიკოსი იყოს. პროგრესს აღიარებს ევროპის საბჭოს სტრუქტურები და ამას მოწმობს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველად, მას შემდეგ რაც ჩვენ გავწევრიანდით ევროსაბჭოში, ისეთი განაცხადი გააკეთა, როგორსაც აკეთებენ ევროპის საბჭოს წევრი დიდი ქვეყნები და ამან თითქოს შეუმჩნევლად ჩაიარა. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, როდესაც პატარა საქართველო, პირველად მისი წევრობის ისტორიაში, ძალიან დიდ თანხას, ნებაყოფლობით ჩადებს ევროპის საბჭოს გადარჩენის ოპერაციაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საქართველო არის დემოკრატიის გზაზე მდგარი ის ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპის საბჭოს მსგავს ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროპულ სტრუქტურებს არ შეექმნას მუშაობის პრობლემა.

„ეს იყო ისტორიული განცხადება, ეს იყო ისტორიული ფაქტი და მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენ ხაზი გავუსვათ, როდესაც ჩვენი პატარა ქვეყანა დიდი ქვეყნისა და კიდევ უფრო მნიშვნელოვან კონტრიბუციას იღებს, რათა გადაარჩინოს ევროპული სტრუქტურა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში.

„რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევა ან საერთო ღირებულებების დაკნინება იმისთვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით – ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა. საქართველო ბოლო 20 წელია, სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.