თეა წულუკიანი - მამუკა ბახტაძემ მსოფლიოს მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა ის, რისთვისაც იბრძვის ჩვენი ერი
თეა წულუკიანი - მამუკა ბახტაძემ მსოფლიოს მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა ის, რისთვისაც იბრძვის ჩვენი ერი

მამუკა ბახტაძემ მსოფლიოს მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა ის, რისთვისაც იბრძვის ქართველი ერი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაერო-ში პრემიერის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ბახტაძის გამოსვლა ემოციურად ძალიან დატვირთული იყო, რადგან მან მსოფლიოს სახელმწიფო ენაზე მიმართა.

„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მნიშვნლოვანი გამოსვლა. ემოციურადაც ჩვენი ქვეყნის ტრადიციებისა და კულტურისთვის დატვირთული გამოსვლა იყო, რადგან მან მსოფლიოს მიმართა სახელმწიფო ენაზე. მან რუსეთს მოუწოდა, დატოვოს საქართველოს ტერიტორიები და ჯარი გაიყვანოს ქვეყნიდან.

მამუკა ბახტაძემ მსოფლიოს ამ მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა ის, რისთვისაც დგას და რისთვისაც იბრძვის ჩვენი ერი, ეს არის მშვიდობიანი გზით ქვეყნის განვითარება, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, რადგან მსოფლიოსა და ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა მეთოდი და პოლიტიკა უბრალოდ წარმატებული ვერ იქნება. რთულია, ოკუპირებულ ქვეყანაში მშვიდობიანად ააშენო ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ მსოფლიო ხედავს, რომ ჩვენ ამას შეძლებისდაგვარად ქართველი ერის ძალისხმევით მაინც ვაკეთებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.

მამუკა ბახტაძემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.