თეა წულუკიანი - მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, გამოვაქვეყნოთ რამზან ახიადოვის დანაშაულებრივი პროფილი, რომ ნათელი იყოს, რასთან გვაქვს საქმე
თეა წულუკიანი - მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, გამოვაქვეყნოთ რამზან ახიადოვის დანაშაულებრივი პროფილი, რომ ნათელი იყოს, რასთან გვაქვს საქმე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტია, რომ ექსტრადიციის დროს გადამცემი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოსგან მოითხოვოს სამართლებრივი გარანტიები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულის, რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირების თემის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ამ სტანდარტის შესაბამისად მოითხოვა ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციისგან სამართლებრივი გარანტიები.

„ამ სამართლებრივ გარანტიებს, სახეზე რომ ყოფილიყო პატიმრის გადაცემა გერმანიისთვის ან საფრანგეთისთვის,  არ მოვითხოვდით, მაგრამ მოვითხოვეთ ამ შემთხვევაში, რადგან გვქონოდა ექსტრადიციის შესაბამისობა სტრასბურგულ პრეცედენტთან. ამ ტიპის სამართლებრივი გარანტიები შამაევისა და სხვების საქმეზეც იყო მოთხოვნილი. ეს გარანტიები ჯერ კიდევ 2002 წელს ჩაითვალა სარწმუნო გარანტიებად და ასეთია სტრასბურგის პრეცედენტი დღეს.

​ის, რომ ექსტრადიციის საქმეებზე რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი გარანტიები ითვლება სარწმუნოდ, ეს არ არის ჩემი ან ჩვენი მთავრობის გამოგონილი, ეს არის სტრასბურგის პრეცედენტი, რომ ექსტრადიციის საქმეზე რუსეთის ფედერაციის წერილობითი გარანტიები ითვლება სარწმუნოდ. ვიდრე სტრასბურგის ეს პრეცედენტი არ შეიცვლება, ჩვენც ვალდებულნი ვართ, ეს წერილობითი გარანტიები, თუ ისინი სტრასბურგულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ჩვენ სარწმუნოდ ჩავთვალოთ, შესაბამისად გადაცემა მოხდა სტრასბურგის კრიტერიუმების თანახმად“, – განმარტა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, აიხადოვს ჰქონდა სტრასბურგში იუსტიციის მინისტრის ბრძანების გასაჩივრების უფლება, მაგრამ ბატონ ახიადოვს ეს არ მოუთხოვია.

„მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე,  ვფიქრობთ, გამოვაქვეყნოთ ძებნილი ადამიანის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის დანაშაულებრივი პროფილი, რომ ნათელი იყოს, რასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, იგი არა მხოლოდ პირადად იბრძოდა ისლამური სახელმწიფოსთვის სირიაში, არამედ თურქეთიდან ამარაგებდა ფინანსებით და პერსონალით ისლამურ სახელმწიფოს. ამის შემდეგ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში ოჯახთან ერთად. არავითარი სამართლებრივი და სტრასბურგული საფუძველი არ არსებობდა, რომ გვეთქვა უარი. რა თქმა უნდა. ძალიან ვგულშემატკივრობ იმ პატარა ბავშვებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საჯარო სკოლაში სწავლობენ. მათ არავითარი პრობლემა ჩვენი სახელმწიფოს კანონებთან არა აქვთ და თუ მათი სურვილი იქნება საქართველოში დარჩენა, მათი დაცულობა იქნება გარანტირებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რამზან ახიადოვის ექსტრადირების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 19 სექტემბერს გააკეთა განცხადება.

დატოვე კომენტარი