თეა წულუკიანი - კვლევები პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტად არის ქცეული
თეა წულუკიანი - კვლევები პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტად არის ქცეული

კვლევები არის ქცეული პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტად, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა „ენდიაის“ კვლევასთან დაკავშირებით.

ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული კვლევის შედეგები სამუშაო ინსტრუმენტად არ გამოიყენება.

„ბუნებრივია, როდესაც ესა თუ ის, ამ ტიპის კვლევა მრავალი წლის განმავლობაში ტარდება იმ რეგულარობით, რა რეგულარობითაც ტარდება, იმ კითხვების ფორმულირებებით, როგორც ეს კითხვები არის ხოლმე ფორმულირებული და ასევე, ველზე ჩატარებული სამუშაოების მეთოდებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ქცეული პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტად.

ადრეც მითქვამს, ჩვენი გუნდის წევრებს მრავალჯერ უთქვამთ და დღესაც იგივე შემიძლია, გავიმეორო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიგეთ, რომ ეს კვლევა ჩატარდა, გამოქვეყნდა შედეგები, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ამ კვლევის შედეგებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ ან სამუშაო ინსტრუმენტად ვიყენებთ, როგორც უნდა იყოს სოციალური კვლევა სამუშაო ინსტრუმენტად ქცეული შემდეგ, ეს ნამდვილად ვერ იქნება ასე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 32 პროცენტი კი, დადებითად.