თეა წულუკიანი - კრიმინალური სამყაროს საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების პრინციპებით „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობდა, ეს ეპოქა წარსულს ჩავაბარეთ
თეა წულუკიანი - კრიმინალური სამყაროს საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების პრინციპებით „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობდა, ეს ეპოქა წარსულს ჩავაბარეთ

კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების და სხვა პირების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების პრინციპებით „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე.

ჟურნალისტებმა იუსტიციის მინისტრს კითხვა დაუსვეს ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, საარჩევნო პერიოდში ლავასოღლი (მინდია გორაძე) გამოიყენოს. მედიის წარმომადგენლებმა თეა წულუკიანს ჰკითხეს, რატომ არ მოითხოვა საქართველომ ლავასოღლის ექსტრადირება.

თეა წულუკიანის თქმით, არასწორია განცხადებები, რომ ქართულმა მხარემ ლავასოღლის ექსტრადირება არ მოითხოვა.

„ის, რომ ქართულმა მხარემ არ მოითხოვა მისი ექსტრადიცია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ის დაკავებული იყო თურქული მხარის მიერ სწორედ იმიტომ, რომ ქართულმა მხარემ მისი ექსტრადიცია მოითხოვა. პროცედურები კვლავ მიმდინარეობს. რაც შეეხება პირის, თუ სხვა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას, რა თქმა უნდა, სწორედ ამ პრინციპებით მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობა“. მაშინდელი ციხეების მთელი სისტემა აწყობილი იყო ისე, რომ პრობაციონერების დაშინებითა და კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებით ზეწოლა მოეხდინათ „ნაციონალებს“ ამომრჩევლის ნებაზე. ეს ეპოქა ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს წარსულს ჩავაბარეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, თურქული მედია წერს, რომ საქართველო ლავასოღლის (მინდია გორაძე) მიღებას თუ კვლავ არ დათანხმდება, თურქეთი იძულებული იქნება, 2020 წლის თებერვალში ის გაათავისუფლოს.