თეა წულუკიანი - ხვალ, 12:00 საათიდან მხოლოდ ონლაინსერვისებს გავცემთ
თეა წულუკიანი - ხვალ, 12:00 საათიდან მხოლოდ ონლაინსერვისებს გავცემთ

ხვალ, 12:00 საათიდან მხოლოდ ონლაინსერვისებს გავცემთ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ხვალ, 12:00 საათამდე მუშაობას იმ რეჟიმში გავაგრძელებთ, რა რეჟიმშიც ვმუშაობდით და ეს არის ონლაინსერვისები. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მაგალითად, თქვენ გსურთ, რომ თქვენი ქონება გაასხვისოთ, რა თქმა უნდა, ერთხელ მაინც დაგვჭირდება თქვენი ნახვა იმისთვის, რომ შემთხვევით, სხვამ არ გაასხვისოს თქვენი ქონება. ასეთ სერვისებზე, განსაკუთრებულ შემთხვევებში მოქალაქეს ვუჯავშნით ხოლმე რიგს, რათა ის მარტო მოვიდეს, ერთ მისამართზე, ერთ კონკრეტულ საათზე და არ ნახოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც იმ დროს არ იქნებიან დაბარებული. ჩვენი თანამშრომელი მოქალაქეს შესაბამისად ეკიპირებული, აღჭურვილი ხვდება და ფორმდება ტრანზაქცია, მაგრამ ხვალ, 12:00 საათიდან გავცემთ მხოლოდ ონლაინსერვისებს. იმიტომ, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ, რა თქმა უნდა, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილდებიან და ხვალიდან 21 აპრილის ჩათვლით ეს მათთვისაც აკრძალული იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო უკიდურეს გამონაკლისს დაუშვებს იმ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეს სხვა გამოსავალი არ აქვს და ასეთ შემთხვევაში მოხდება მინიმალური სერვისის შეთავაზება.

„ასეთები ალბათ იქნება. მაგალითად, არავის ვუსურვებ, მაგრამ თუ ადამიანს დაუდგა ჟამი, რომ იგრძნო წასვლის დრო და უნდა, ქონება გადააფორმოს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით მოქალაქის სამსახურში, ყველა რეკომენდაციის დაცვით, მაგრამ ეს უკიდურესი გამონაკლისი იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.