თეა წულუკიანი - ხუთიანისთვის ხმის მიცემა ნიშნავს წარსულში დაბრუნებას, ჩვენ უნდა ვიაროთ წინ
თეა წულუკიანი - ხუთიანისთვის ხმის მიცემა ნიშნავს წარსულში დაბრუნებას, ჩვენ უნდა ვიაროთ წინ

ხუთიანისთვის ხმის მიცემა ნიშნავს წარსულში დაბრუნებას, ჩვენ უნდა ვიაროთ წინ, – ამოს შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ახალციხეში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მერამდენედ ვიყო ახალქალაქში ამ ბოლო წლების განმავლობაში, რათა, პირველ რიგში, გითხრათ მადლობა. მთავარი, რისთვისაც მადლობა მინდა გითხრათ, არის ის, რომ თქვენ, ნინოწმინდელებმა გაიმარჯვეთ პირველ ტურში იმ ბრძოლაში, რასაც მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია. ეს საქართველოს ყველა რეგიონს არ გამოუვიდა, მაგრამ გამოგივიდათ თქვენ, ამისათვის გაქებთ და გიხდით მადლობას. საქართველოს სხვა რეგიონები გაიმარჯვებენ, თქვენ მოგბაძავენ მეორე ტურში, რათა შევძლოთ, ვიაროთ წინ. ჩვენ ვიბრძოლებთ რა თქმა უნდა პოლიტიკურად და ახლა არის დრო, რომ გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე. დარჩა მხოლოდ ათი დღე, რათა ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს მომავალმა და სამცხე-ჯავახეთი ამ ბრძოლაში არის სამაგალითო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანას წინ წაიყვანს.

„მაქვს თხოვნა, თქვენს მეგობრებს მიეცით რჩევა, რომ ხუთიანისთვის ხმის მიცემა ნიშნავს წარსულში დაბრუნებას, რადგან ჩვენ ისინი გამოვცადეთ და ვნახეთ. ჩვენ უნდა ვიაროთ წინ, წინ წაგვიყვანს ქართველი ქალი, ფრანგი ქალი, ემიგრანტების შვილი, რომელმაც იცის, რა არის ევროპა და როგორ უნდა ატაროს საქართველო ევროპის გზაზე. მისმა მოწინააღმდეგემ იცის, როგორ ატაროს საქართველო წარსულში, ტერორში, იქ, საიდანაც ჩვენ ექვსი წლის წინ გამოვედით“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ენზელ მკოიანი კარგი მაჟორიტარია და მისი წყალობით გაკეთდა ბევრი რამ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

„ბოლოს არ შემიძლია, სიტყვა ისე დავასრულო, რომ არ გითხრათ კიდევ ერთი მადლობა, რომელიც გამოწვეულია ბატონი ენზელით. ბატონი ენზელი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი დეპუტატი პარლამენტში. ეს ნამდვილად ასეა. კარგი დეპუტატობა არის იმ ხალხის ერთგულება, რომელმაც აგირჩია. კარგი დეპუტატობა არის, რომ აწუხებ იუსტიციის მინისტრს, რადგან ახალქალაქს და ნინოწმინდას რაღაც სჭირდება. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, რამდენიმე დღის წინ გავხსენით ახალქალაქში იუსტიციის სახლი. მის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და მასთან ერთად გავაკეთეთ ბიბლიოთეკა ფოკაში, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ახალგაზრდობას, რომ ქართული ისწავლონ და ჰქონდეთ კარიერა საქართველოში. იმიტომ ჩვენ ავაშენეთ საზოგადოებრივი ცენტრები, ბარალეთში და იმ სოფელში, სადაც მანამდე არ იყო სახელმწიფო ინსტიტუტი, სოფელ კუმურდოში. მადლობა მას ამისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.