თეა წულუკიანი - ხელისუფლება რომ შეიცვლება, ჩემოდანს კი არ ჩავალაგებ და მოვცოცხავ, არამედ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის გვერდით ვიდგები
თეა წულუკიანი - ხელისუფლება რომ შეიცვლება, ჩემოდანს კი არ ჩავალაგებ და მოვცოცხავ, არამედ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის გვერდით ვიდგები

ხელისუფლება რომ შეიცვლება, იმ დილით მე ჩემოდანს კი არ ჩავალაგებ და კი არ მოვცოცხავ, არამედ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის გვერდით ვიდგები, მათ ეს იციან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა.

„მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“. მინდა, მივმართო ​პარტაქტივის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ჩვენს რაიონებში 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მოთმინებით იტანენ ამ ყველაფერს ჩვენთან ერთად. მათ იციან, დიახ ქალბატონო სალომე, ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლება შეიცვლება, რადგან ამ ქვეყააში ჩვენ მოვიტანეთ დემოკრატია, რომლის თანახმადაც, მთავრობები მოდიან, მთავრობები მიდიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ჩვენ რომ წავალთ, თქვენ მოხვალთ. იშრომეთ ამისთვის. ხალხს არ აქვს მოკლე მეხსიერება. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთ დღეს წავალთ, მაგრამ ჩვენ რომ წავალთ, „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა, ვინც აქ ზის, მიუხედავად იმისა, რომ მე მათი პარტიის წევრი არ ვარ, ისინი, ვინც წინა მოწვევის პარლამენტში იყვნენ, ვინც აქ ისხდნენ და წავიდნენ და ჩემი თანამებრძოლები არიან, გასულები არიან დღეს უკვე უმრავლესობიდან, თითოეულმა აქტივმა სვანეთში, სამეგრელოში, კახეთში და სხვაგან იციან, ხელისუფლება რომ შეიცვლება, იმ დილით მე ჩემოდანს კი არ ჩავალაგებ და კი არ მოვცოცხავ, არამედ მათ გვერდით ვიდგები, მათ ეს იციან. აი, ეს სწორედ ის გენდერული თანასწორობა, მათ შორის პოლიტიკური სიმამაცე, რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ, მაგრამ მე თქვენ დაგიცავთ, ქალბატონო თინა. როდესაც თქვენი უხამსი სააკაშვილი, ჩერჩილზე ანეგდოტებს მოყვება, მე ეს კი არ მადარდებს, მაგრამ მე ამას ყურში კი ნუ მეჩურულებით, ჩემმა ლიდერმა რა ცუდი ანეკდოტი მოყვა, საჯაროდ გამოდით და თქვით, რომ ეს იყო გენდერული ნიშნით შეურაცხყოფა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თინა ბოკუჩავამ თეა წულუკიანს მიმართა, რომ ტყუოდა. იუსტიციის მინისტრმა, განაცხადა, რომ ბევრი მოწმე არსებობს, რომელმაც გაიგო, როგორ თქვა თინა ბოკუჩავამ, რომ მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანს გენდერული ნიშნით თავს ესხმოდა.

„მე არ ვტყუი. ამდენი მოწმე არის. ამბობდა, რომ ჩემი ლიდერი თქვენ თავს გესხმით გენდერულადო. დიახ, გილოცავთ ამ დიპლომებს, მაგრამ ნუ გრცხვენიათ იმის, რომ თქვენი ლიდერი ჩემთან გააკრიტიკეთ. ბატონო გიგა, თქვენ როდესაც შეგყავართ პოლიტიკურ რიტორიკაში, მე ამ პოლიტიკურ რიტორიკაში ყოველთვის შემოვალ ბატონო გიგა. მე მოველი, რომ თქვენ არ გეწყინებათ, რომ პოლიტიკურ დებატში თუ დებატია, დებატი იყოს, ხანდახან მოგიგებთ კიდეც“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.