თეა წულუკიანი - კანაფის კულტივაციის საკითხზე წინასწარ სანერვიულო ან პანიკის საფუძველი არ არსებობს
თეა წულუკიანი - კანაფის კულტივაციის საკითხზე წინასწარ სანერვიულო ან პანიკის საფუძველი არ არსებობს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარიხუანას მოხმარების რეგულირებისა და კულტივაციის საკითხის განხილვა რაც შეიძლება მშვიდ და ემოციებისგან დაცლილ გარემოში მოხდეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხია, შესაბამისად, აუცილებელია გადაწყდეს, რა არის უმჯობესი ქვეყნის განვითარებისთვის.

„მესმის, ჩვენთვის, მათ შორის ჩემთვისაც, რომ ამ ქვეყანაში ყველასთვის ვერ იქნება ეს თემა ის, რომლის მიმართაც ვინმე გულგრილი დარჩება, მაგრამ იმდენად კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ,  რა ჯობს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, შევაფასოთ ეკონომიკური შედეგი ამ რეფორმისა. თუ ყველა ჩავთვლით, რომ ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენს საკმაოდ შეჭირვებულ ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, საზოგადოებას შვებას მისცემს და მკაცრი კონტროლის ქვეშ უზრუნველყოფს სახელმწიფო, რომ შიდა ბაზარზე ეს ნივთიერება არ გავრცელდეს, რატომაც არა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი განმარტებით, ასეთი იყო მთავრობის მიდგომაც, როდესაც აღნიშნული რეფორმა პარლამენტს ფართო დისკუსიებისთვის შესთავაზა.

„თუ ჩათვლიან, რომ ეს ნაადრევი ან საშიშია, ალბათ, მოწინააღმდეგე მხარეებსაც თავიანთი არგუმენტირებული საფუძვლები ექნებათ. არ მიმაჩნია, რომ რამე არის სანერვიულო წინასწარ ან პანიკის საფუძველი არსებობს. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო ერთადერთი, რომ ჩვენმა ეკონომიკამ, რადგან გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის სფეროში, დაიკავოს საერთაშორისო ეკონომიკაში გარკვეული ნიშა ან ნიშები, რაც  ქვეყანას შემოსავალს მოუტანს, ოღონდ მკაცრი კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი შეფასებით, ამისთვის შეთავაზებულია სააგენტოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს იმას, რომ საექსპორტო მიზნებისთვის მოყვანილი კანაფი არ მოხვდეს საქართველოს შიდა ბაზარზე და განსაკუთრებით ახალგაზრდებში არ გავრცელდეს.

„თუ ეს მიუღებელია, ალბათ მაშინ მოწინააღმდეგეებიც იტყვიან თავიან არგუმენტებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.