თეა წულუკიანი - იყალთოს აკადემია არის უმძიმეს მდგომარეობაში, 10 ოქტომბერს გაიხსნება ტენდერი და თუ წარმატებით დასრულდება, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას შევძლებთ
თეა წულუკიანი - იყალთოს აკადემია არის უმძიმეს მდგომარეობაში, 10 ოქტომბერს გაიხსნება ტენდერი და თუ წარმატებით დასრულდება, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას შევძლებთ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ იყალთოს აკადემია გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.

მისივე თქმით, 10 ოქტომბერს გამოცხადდება ტენდერი, რომლის ღირებულებაც 350 ათასი ლარი იქნება.

თეა წულუკიანის განცხადებით, ტენდერის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, აკადემიაში სამუშაოები დაიწყება.

„იყალთოს აკადემია არის უმძიმეს მდგომარეობაში. მსურს, ირაკლი ქადაგიშვილს განგაშის ზარის შემოკვრისთვის მადლობა გადავუხადო. თქვენი ზარის შედეგად, ძეგლთა დაცვის წარმომადგენლები ვიყავით ადგილზე და აღმოჩნდა, რომ ძველი დროის გადმონაშთი ჟანგიანი ხარაჩოები ყრია და დაავიწყდა ვიღაცას, რომ იქ პროექტი იყო. მძიმე მდგომარეობაა. როცა პრობლემაა, ღიად უნდა ვთქვათ.

ძალიან სწრაფი ტემპით მომზადდა ტექნიკური დავალება და მიმდინარეობს ბაზრის კვლევა. სატენდერო ღირებულება 350 ათასი ლარია. თანხა გვაქვს, სხვა პროექტებიდან გამოვყავით. 10 ოქტომბერს გაიხსნება ტენდერი. თუ ტენდერი იქნება წარმატებული, ჩვენ იყალთოსთვის გადაუდებელი სამუშაოების აღმოჩენას შევძლებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.