თეა წულუკიანი - გვჭირდება მეტი არგუმენტი, როგორ ხდება, რომ სამართლებრივ სახელმწიფოებში კრიმინალი არის მაღალი დონის შეხვედრაზე სამუშაო მაგიდასთან
თეა წულუკიანი - გვჭირდება მეტი არგუმენტი, როგორ ხდება, რომ სამართლებრივ სახელმწიფოებში კრიმინალი არის მაღალი დონის შეხვედრაზე სამუშაო მაგიდასთან

გვჭირდება მეტი არგუმენტი, როგორ ხდება, რომ სამართლებრივ სახელმწიფოებში და სტრუქტურებში, რომლის მთავარი ღირებულებაც დანაშაულთან ბრძოლაა, ოფიციალური სტუმრის სტატუსით, კრიმინალი არის მაღალი დონის შეხვედრაზე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ევროკავშირის სტრუქტურებიდან მიღებული ახსნა-განმარტებები საკმარისი არ არის.

„რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, როგორც უკვე მრავალჯერ ითქვა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ჩვენი კანონის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი მართლმსაჯულების და ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრისთვის, რომ ზურაბ ადეიშვილი, როგორც კრიმინალი, თავისუფლად დასეირნობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და რომ მას იფარებს უკრაინის ამჟამინდელი სახელმწიფო ხელისუფლება. ის დელეგაციების წევრად გვევლინება უკრაინის მხრიდან ხან ბუნდესტაგში, ხან ევროკავშირის სტრუქტურებში. ჩვენ სრულიად სამართლიანად გამოვთქვით აღშფოთება მაღალ დონეზე და მივიღეთ გარკვეული პირველი ახსნა-განმარტებებიც, მათ შორის ევროკავშირის სტრუქტურებიდან, რომლებიც სრულებითაც არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება მეტი არგუმენტი, რათა გავიგოთ, სამართლებრივ სახელმწიფოებში და სტრუქტურებში, რომლის მთავარი ღირებულებაც არის დანაშაულთან ბრძოლა, როგორ ხდება, რომ, ოფიციალური სტუმრის სტატუსით, კრიმინალი არის მაღალი დონის შეხვედრაზე სამუშაო მაგიდასთან. ეს გამორიცხულია ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში. ამიტომაც ჩვენ შესაბამისი სამართლებრივი სახელმწიფოებისგან მოვითხოვთ უფრო საფუძვლიან განმარტებას, რატომ ხდება ეს და რატომ არ გვსურს, შევიქმნათ არაპირდაპირ მომსწრენი იმისა, როგორ აღრმავებს პოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში ასეთი სტუმრობები; რატომ არ გვინდა, დავინახოთ, რომ ამგვარი რამ როდესაც ხდება ევროკავშირის სტრუქტრებში, ეს ხელს უწყობს სწორედ ევროინტეგრაციის პროცესისდმი, ევროკავშირისადმი გარკვეული ნეგატივის თუ ცრუ სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. ამას ჩვენ ევროკავშირთან ერთად უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ამ ბრძოლის გზა გადის სწორედ იმაზე, რომ ზურაბ ადეიშვილის მსგავსი კრიმინალები არ იყვნენ ხოლმე დიდი პატივითა და მაღალი სტუმრის სტატუსით მიღებული სხვადასხვა შეხვედრაზე, ის გადმოეცეს საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს, როგორც ეს 2012 წლიდან მოყოლებული მრავალჯერ, ათეულობით შემთხვევაში იქნა ჩვენ მიერ მოთხოვნილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავდროულად, თეა წულუკიანმა აღნიშნა: „ჩვენ გვახსოვს ზურაბ ადეიშვილთან ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინანდელი ინტერვიუ, სადაც მან ღიად თქვა, რომ, როგორც იუსტიციის მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ის, რა თქმა უნდა, აკონტროლებდა სასამართლოს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არ იყო თავისუფალი, შეზრდილი იყო აღმასრულებელ სისტემასთან, პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მმართველ პარტიასთან. მაშინ ჟურნალისტს ისიც კი ურჩია, თავჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე ნუ მესაუბრებითო“.