თეა წულუკიანი - გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები, სამწუხაროა, რომ ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემის პოლიტიზებას ოპოზიცია არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობს
თეა წულუკიანი - გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები, სამწუხაროა, რომ ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემის პოლიტიზებას ოპოზიცია არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობს

ჩვენ ეკლესიასთან ვაწარმოეთ კონსულტაციები და შევთანხმდით, შენობა რომ აღდგეს, რა თქმა უნდა, მძიმე ფიზიკური სამუშაოები იქნება განსახორციელებელი და ექსპონატებმა დროებით უნდა დატოვონ ეს ავარიული შენობა, ვიდრე უკან დაბრუნდებიან, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, შეირჩა ორი სივრცე, ერთი არის ჯანაშიას მუზეუმის უკვე მომზადებული საცავი, ფონდსაცავი და საგამოფენო სივრცე, რომელიც მთელ მუზეუმს ვერ დაიტევს, დაიტევს მხოლოდ ნაწილს და ასეთი სივრცეა შალვა ამირანაშვილის მუზეუმის უკანა ორი კორპუსი, რომელიც ამ ფონდებს დაიტევს.

„ეს ორი ალტერნატივაა დროებითი სივრცეებისთვის, რომელზეც ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩამოვყალიბდებით ისე, როგორც ეს ძეგლისთვის და ფასეულობებისთვის იქნება საუკეთესო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა გუშინ გამართულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი ამ ადამიანებმა ვერ წარმოადგინეს.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები, ვნახეთ, რომ ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი ამ ადამიანებმა ვერ მოგვაწოდეს და სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყნისთვის ნებისმიერი საჭირბოროტო თემის პოლიტიზირებას არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობეს. თუ მომავალში დააპირებენ ჯაჭვის შექმნას, ჩვენ შეგვიძლია, მათ დავეხმაროთ და ჯაჭვის რგოლებად ვიმუშაოთ, რადგან ჯაჭვის შექმნა ვერ გახდა მათთვის სამწუხაროდ შესაძლებელი. რაც შეეხება საქმეს, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ ქუჩაში, ეს არ იყო საქმე. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ჩვენი ურყევი პოზიცია, სამინისტროსა და მთავრობის ურყევი პოზიცია, იყო ყოველთვის ასე რომ ამირანაშვილის მუზეუმი, რომელიც ბოლო15-20 წლის განმავლობაშ გამოიშიგნა და სექტემბრის თვეში გაჩვენებთ ამ ინვენტარიზაციის შედეგებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

მე ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ბევრს ყვირიან, აქვთ გარკვეული შიშები, რადგან ინვენტარიზაცია არ არის მარტივი პროცესი. სექტემბრის ბოლოს ჩვენ ამ შედეგებს დაგიდებთ თქვენ, საზოგადოებას. სწორედ ეს არის ჩვენი გამჭვირვალობა და გამჭვირვალობის მაგალითი. მუზეუმი, რომელიც დახურული იყო ათეულობით წლები, ათეული წლები თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ბატონი დავით ლორთქიფანიძის მმართველობის პირობებში შალვა ამირანაშვილის მუზეუმი იყო გამოწვევა, ახლაც არის და ჩვენ ვმუშაობთ ამ გამოწვევის დასაძლევად. ამ პერიოდის განმავლობაში მუზეუმი იყო მუდმივად დახურული, დღეს ის ღიაა, გამჭვირვალეა და ინვენტარიზაციის პროცესი ყველა ფონდში მიმდინარეობს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მუზეუმიდან გატანილია არაერთი ექსპონატი და ამის სახელობით სიას დავდებთ ჩვენ სექტემბრის ბოლოს. მანამდე გასაგებია, რომ წინასწარ ვიღაცებს ყვირილი მოუნდებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, შენობა უნდა აღდგეს და ამას დასჭირდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი.

„ჩვენ გვაქვს მთავრობის შიგნით დისკუსია ამის შესახებ და საბიუჯეტო ასიგნებებში გაისად უკვე აისახება, მაგრამ ვიდრე თანხა აისახება, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შრომა გასაწევი. კონსტრუქციული ნაწილი თუ როგორ უნდა აღდგეს ეს შენობა, პროექტია საჭირო. ამის თაობაზე უკვე მუშაობს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს კონსტრუქტორი გიგა ჭანუყვაძე. ასევე ამ პროცესში რაც შეეხება უკვე სამუზეუმო საქმეს, ჩართულია დირექტორის მოადგილე გია მარსაგიშვილი, რომელსაც ვიდრე ამ მუზეუმზე დავიწყებდით მუშაობას, დანანებით უნდა ვთქვა, რომ აზრს არც კი ეკითხებოდნენ, ისე მართავდნენ ფონდის უფროსები. მინდა მათ მოვუწოდო, რომ გიას კომპეტენტურობას ენდონ, რადგან ეს საკითხი არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ გვყავს მუზეუმის შესანიშნავი მენეჯერი და მუზეუმს აქამდე კომპეტენტური მენეჯერი არ ჰყოლია, ეს გახლავთ ნიკა ახალბედაშვილი. ასევე ყველა თანამშრომელი, ვინც მანამდე მუშაობდა, რჩება ადგილზე, ვისაც უნდა შრომა შრომობს, ვისაც ყვირილი უნდა ყვირის, მაგრამ ვინც ყვირის, მასაც მოუწევს ბოლოს მუშაობა, რადგან ფონდებში არის მძიმე მდგომარეობა და ინვენტარიზაციის შედეგები ამას აჩვენებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.