თეა წულუკიანი - გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის განაჩენი სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტს გადაეგზავნება
თეა წულუკიანი - გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის განაჩენი სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტს გადაეგზავნება

რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე, ეს სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, როდესაც სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში შევა, სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტს გადაუგზავნიან.

„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე გაგზავნილი გვაქვს მოთხოვნა და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინული მხარე, ეს რა თქმა უნდა, უკრაინული სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია.

ერთადერთი რაც შემიძლია ნამდვილად გითხრათ – როდესაც ეს განაჩენი შევა ძალაში, ის არ არის ჯერ ძალაში, ჩვენ ამ განაჩენს აუცილებლად გადავგზავნით სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტის წინაშე, რომელიც ახლა აკონტროლებს ენუქიძე-გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ეროვნულ დონეზე სათანადოდ შესრულებას“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.