თეა წულუკიანი - გიორგი ვაშაძეს ქოლცენტრების საქმიდან გამომდინარე დიდი ზიანი მიადგა რეპუტაციაზე, რომელიც არც მანამდე ჰქონდა და აბსურდის ხარჯზე ცდილობს ამ ამბის საზოგადოებისთვის დავიწყებას
თეა წულუკიანი - გიორგი ვაშაძეს ქოლცენტრების საქმიდან გამომდინარე დიდი ზიანი მიადგა რეპუტაციაზე, რომელიც არც მანამდე ჰქონდა და აბსურდის ხარჯზე ცდილობს ამ ამბის საზოგადოებისთვის დავიწყებას

გიორგი ვაშაძეს ქოლცენტრების საქმიდან გამომდინარე დიდი ზიანი მიადგა რეპუტაციაზე, რომელიც არც მანამდე ჰქონდა და ყველანაირი აბსურდის ხარჯზე ცდილობს ამ ამბის საზოგადოებისთვის დავიწყებას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის იმ განცხადებაზე, სადაც ვაშაძე ამბობს: „„ქართულ ოცნებას“ უნდა რუსეთთან ომი, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორის საბოლოო ცვლილებისთვის გაათამაშოს – არ გამოვრიცხავ სცენარს, რუსეთთან ერთად პროვოკაცია დაიგეგმოს“.

თეა წულუკიანის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია იმედგაცრუებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამდენი წლის განმავლობაში შეძლო სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა.

„ადვილი გამოსაცნობია, რას ფიქრობს საზოგადოება და, ზოგადად, სხვები ბატონ გიორგი ვაშაძეზე, რომელსაც როგორც პოლიტიკოსს, აქვს ნოლი რეპუტაცია, სანდოობისა და სერიოზულობის ხარისხს თუ შევაფასებთ. მე კიდევ ჩემი დამატებითი მოსაზრება მაქვს მასზე, ვინაიდან რვა წელი ვიმსახურე იუსტიციის სამინისტროში, სადაც ის ადეიშვილის დროს მუშაობდა და რეალურად მისი რეპუტაცია იყო ადეიშვილის „ცუნპუშად“  მუშაობა. ახლა „ცუნპუშა“ რას იტყვის, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ მას იმ რეპუტაციაზე, რომელიც არც მანამდე ჰქონდა, დიდი ზიანი მიადგა ქოლცენტრების საქმიდან გამომდინარე, როდესაც ის ბატონ არახამიასთან ერთად ქოლცენტრების სამარცხვინო და მძარცველ სქემაში აღმოჩნდა ჩართული. ყველანაირი აბსურდის ხარჯზე ცდილობს ამ ამბის საზოგადოებისთვის დავიწყებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე ადვილად დავიწყებას ვერ მიეცემა, მას, პირველ რიგში, კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი.

რაც შეეხება ომს, თუ ომი ვინმეს სურს, სწორედ მისი პარტიაა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, და არავის სჯერა, რომ ეს დაქსაქსული მოცემულობები რაიმეს წარმოადგენენ, ისინი ყველა კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერები და წევრები არიან. ეს რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიცია იმედგაცრუებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ამდენი წლის მანძილზე ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა და ომის თავიდან აცილება. ეს ყოველწუთიერი შრომაა პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის ხელმძღვანელობის და მმართველი პარტიის მხრიდან. ყოველწუთიერი შრომა, რათა ომი თავიდან იქნას აცილებული, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.