თეა წულუკიანი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, პანიკა დათესონ, თითქოს რუსი მოქალაქეები შემოგვესივნენ, შფოთვის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს, თუ იარსებებს, პირველი მთავრობა იტყვის
თეა წულუკიანი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, პანიკა დათესონ, თითქოს რუსი მოქალაქეები შემოგვესივნენ, შფოთვის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს, თუ იარსებებს, პირველი მთავრობა იტყვის

გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, პანიკა და უფრო მეტიც, ისტერიკა დათესონ ქვეყანაში, რომ საზოგადოებაში იყოს მუდმივი წუხილი, შფოთვის განცდა, თითქოს რუსი მოქალაქეები შემოგვესივნენ და ჩვენს ყოველდღიურ უსაფრთხოებას ან ჩვენს სუვერენიტეტს მყისიერად, დღეს და ხვალ რაიმე ემუქრება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საზღვარზე შემომსვლელთა ნაკადს შესაბამისი ადამიანები აკონტროლებენ, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ გვყავს ძალიან დიდი და პროფესიონალი კორპუსი, რომელთაც ჰქვიათ საქართველოს მესაზღვრეები, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო ჩვენი საზღვრების დაცვისათვის. ეს მესაზღვრეები დგანან იქ, სადაც არის მათი საქმიანობის ადგილი, საქართველოს საზღვარზე და შინაგან საქმეთა მინისტრის და სამინისტროს ხელმძღვანელობით იცავენ ჩვენს ტერიტორიას. საზღვარზე შემოდის ის, ვინც არის მიჩნეული, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მათ შორის არიან რუსეთში მცხოვრები ჩვენი ქვეყნის შვილები, ეთნიკურად ქართველები ან ეთნიკურად სომხები და სხვა. არა ერთი მათგანი მიემგზავრება სასომხეთში, ზოგიერთი მათგანი თურქეთში, ეს ციფრები ამას მოწმობს. 40 პროცენტით არის გაზრდილი შემოდინების რიცხვი, მაგრამ არის არაერთი ადამიანი, რომელიც ვერ შემოდის. ამას განსაზღვრავს კონკრეტული მესაზღვრე იმ ე.წ. უსაფრთხოების ფილტრში, ამიტომ ვიყოთ მშვიდად. რასაკვირველია ეს რიცხვის ზრდა არის ყოველდღიური მონიტორინგის რეჟიმში და ამაზე ვრცლად ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და რასაკვირველია შესაბამისი უწყებები ძალოვანს რომ ვეძახით და ის უსაფრთხოების ბლოკი, რომელიც მთავრობის შიგნით მუშაობს, სხვადასხვა უწყებები არიან ერთმანეთთან გამართულ კოორდინაციაში. ნუ ავყვებით პანიკას“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, არავითარი შფოთვის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

„მარტშიც ცდილობდნენ დავეპანიკებინეთ, შემდეგ ზაფხულში ცდილობდნენ, მაგრამ არავითარი საფრთხე იმისა, რომ რაღაც ქვეყნის შიგნით აირიოს, არ არსებობს. დიახ, უკრაინაში ხდება საშინელება. დიახ, რუსეთმა გამოაცხადა მობილიზება. ჩვენ ხომ არ ვართ რომელიღაც ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს სხვა პლანეტაზე, ჩვენ ვართ ამ დედამიწაზე, ამიტომ ამის ნეგატიური შედეგები ჩვენზეც აისახება, მაგრამ ეს არის მართვადი პროცესი, არავითარი შფოთვის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს. თუ ამგვარის საფუძველი იარსებებს, პირველი მთავრობა იქნება, ვინც ამის შესახებ საზოგადოებას ეტყვის“, – განაცხადა წულუკიანმა.