თეა წულუკიანი განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, 2022-2030 წლების სტრატეგიის სამუშაო ჯგუფში დენის დავითაშვილი ჩართონ
თეა წულუკიანი განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, 2022-2030 წლების სტრატეგიის სამუშაო ჯგუფში დენის დავითაშვილი ჩართონ

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განათლების სამინისტროს 2022-2030 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით ამჟამად რამდენიმე დონის სამუშაო ჯგუფის შექმნის პროცესი მიმდინარეობს.

ამ განცხადებით დგებუაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე უპასუხა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას: „რვა წელია, გიცნობთ და 8 წელია, ერთი და იმავეს იძახით. მართლა მაქვს კითხვა, ბატონი დენისი არ არის ჩართული თქვენთან საკონსულტაციო ჯგუფებში? ჯერ ქალბატონ ლია გიგაურს საყვედურობდა, რატომ არ ვარ ჩართულიო, ახლა თქვენ გსაყვედურობთ და იქნებ, აგვიხსნათ“.

„როდესაც ვსაუბრობთ სტრატეგიის დოკუმენტზე, ჩვენ გვქონდა უკვე შეხვედრა ამაზე. მინისტრის ბრძანებით იქმნება რამდენიმე დონის სამუშაო ჯგუფი. სამინისტროს შიდა სამუშაო ჯგუფი უკვე დამტკიცებულია. იქმნება უკვე შემდეგი გარე ჯგუფი, საერთაშორისო, ადგილობრივი ორგანიზაციები შევლენ ამ ჯგუფში. ასევე, პარლამენტში შეიქმნება, წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები. ჩვენ ვმუშაობთ სამუშაო ჯგუფების ნაწილზე და დამტკიცების პროცესში ვართ. სტრატეგია ეხება როგორც სკოლამდელ განათლებას, ზოგადს, პროფესიულს, უმაღლეს მეცნიერებას და ყველა დონეს. ეს არის 2022-2030 წლების განათლების სამინისტროს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, – აღნიშნა დგებუაძემ.

მისივე თქმით, სტრატეგია დაფუძნებული იქნება სწორედ გამჭვირვალობის პრინციპზე.

„დამტკიცდა შიდა სამუშაო ჯგუფი, თანამშრომლები, ვინც აქტიურად იმუშავებენ სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე. ახლა პროცესში ვართ. სტრატეგია სწორედ გამჭვირვალობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული“, – განაცხადა  ეკატერინე დგებუაძემ.

ამასთან, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ პირადად უწევს რეკომენდაციას დენის დავითაშვილს, რათა სამუშაო ჯგუფში ჩართონ.

„ჩართავთ ბატონ დენისს? თქვით ეს ხმამაღლა. ე.ი. ბატონი დენისი გახდება ამ ჯფუფის წევრი. მე ვუწევ პირადად რეკომენდაციას და არ მგონია, რომ კომიტეტის რომელიმე წევრი წინააღმდეგი იქნება. მართლა 8 წელი მესმის, რომ განათლების სამინისტრო არ რთავს არც ამ კონკრეტულ ადამიანს და არც სხვებს რაღაცა ფართო პროცესებში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არავინ არ გყავთ ჩართული. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი გყავთ ჩართული, მაგრამ ვინაიდან ეს აჩენს შერჩევითობის განცდას, მე რა თანამდებობაც მაქვს, ეცით პატივი ამას და რეკომენდაციასაც, რომელსაც ვუწევ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს დისკუსია დასრულდეს. ადამიანი იძახის, არ ვარ ჩართული. ვინ გყავთ ასეთი? არ უნდა სჭირდებოდეს ამას ჩხუბი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.