თეა წულუკიანი - გამოიკვეთა არაერთი ბიუროკრატიული ბარიერი, რომელიც ჭუბერის მოსახლეობას აწუხებს 
თეა წულუკიანი - გამოიკვეთა არაერთი ბიუროკრატიული ბარიერი, რომელიც ჭუბერის მოსახლეობას აწუხებს 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ჭუბერში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა, არაერთი ბიუროკრატიული ბარიერი, რომელიც მათ აწუხებთ.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ჭუბერის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი თავიანთი კანონიერი შრომის ნაყოფის რეალიზებას ვერ ახდენენ ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე.

“ჩვენ დღეს შევხვდით ჭუბერის მოსახლეობას. ფაქტია, რომ მათ აწუხებთ არაერთი ბიუროკრატიული ბარიერი, როცა საქმე ეხება კანონიერ ბიზნესსაქმიანობას. ისინი თავიანთი კანონიერი შრომის ნაყოფის რეალიზებას ვერ ახდენენ ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე. არის უკანონო საქმიანობის ნაწილიც, რომელსაც სახელმწიფოსთან დიალოგის ფარგლებში მოგვარება სჭირდება. ყველანაირი ბიზნესინიციატივა, რომელიც კანონს შეესაბამება ჩვენი ხელისუფლებისგან არის მხარდაჭერილი. მიზნად ისახავს იმას, რომ ხეობა განვითარდეს, ამოისუნთქოს და იყოს ორიენტირებული მომავალზე. აქ მიღებულ ინფორმაციას მთავრობის სხდომაზე მივაწვდით პრემიერ-მინისტრს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სოფელ ჭუბერში, ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდნენ. ახალ სატყეო კოდექსთან დაკავშირებით, ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვის მინისტრმა მიაწოდა.

26 ივლისს შემოსავლების სამსახურმა ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროების შემოწმება დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოყვა. თითქმის მთელი დღე გადაკეტილი იყო ზუგდიდი- ჯვარი- მესტიის დამაკავშირებელი გზა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ძირითადად ხე-ტყის დამუშავებით არიან დაკავებულნი და სხვა შემოსავლის წყარო მათ არ გააჩნიათ.